14 აგვისტო 2026,   06:34
ვრცლად
"იმედი მაქვს, საია-ს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ექნება და ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა დაცული არ იყო" - გიორგი შარაშიძე

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საია-ს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ექნება, რომ ამ საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება გამოვიდეს, – ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საია-ს მიერ შეტანილ საჩივარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა დაცული არ იყო.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სხვადასხვა ტიპის დარღვევების მთელი კომპლექსი და ბუკეტი იყო, არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მანამდეც. რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, რა თქმა უნდა, ეს იყო არჩევნების გაყალბების არა ძირითადი და გადამწყვეტი მექანიზმი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც არჩევნების ფარულობას ეჭვქვეშ აყენებდა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საია-ს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ექნება, რომ ამ საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება გამოვიდეს და ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა დაცული არ იყო. ჩვენ როდესაც ხელახალ არჩევნებს ვითხოვდით, ცხადია, ამიტომ ვითხოვდით, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანად და არც თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად არ მიგვაჩნდა", – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები