სტრასბურგმა საია-ს სარჩელის განხილვა დაიწყო. ორგანიზაცია სარჩელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს, თუმცა არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივან მხარეს უარი უთხრა და საკითხზე არ იმსჯელა. სასამართლოს საქმისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებია. სარჩელი სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე განიხილება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ სასამართლოს კითხვების ფორმულირება, კონკრეტული მტკიცებულებების, საზღვარგარეთ უბნების რაოდენობისა და საია-ს, როგორც დამკვირვებლის დავის უფლებაზე, პირდაპირი მინიშნებაა, რომ სასამართლოს მომჩივანთა არგუმენტებში ეჭვი შეაქვს. უმრავლესობაში სვამენ კითხვას, - რატომ დაუმალა საია-მ საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე?
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ამ ყველაფერს წერტილი მალე უნდა დაესვას.
"იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილს დაუსვამს იმ სიყალბეს, რომელიც საზოგადოებამ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იხილა. ძალიან დიდი იმედი და სურვილი გვაქვს, რომ მალე დასრულდეს ეს სამართლებრივი პროცესი. ბუნებრივია, სასამართლო პროცესები რამდენიმე თვეს წაიღებს, შეიძლება, წელიწადზე მეტიც გასტანოს, მაგრამ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ სასამართლოსთან, რომ დროულად მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რათა საბოლოოდ დაესვას წერტილი იმ უსამართლო კრიტიკას, სიყალბესა და დეზინფორმაციულ შეტევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოზე საპარლამენტო არჩევნების დროს, რასაც დღემდე ბევრი ევროპელი, ვითომ საქართველოს მეგობარი იყენებს უსამართლო კრიტიკისთვის," – განაცხადა ლევან მახაშვილმა.