ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით "კეთილშობილურ შეთანხმებას" აანონსებს, დანია კი "წითელ ხაზებზე" საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადდება შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონს კუნძულზე საკუთარი ინტერესების რეალიზების ფართო შესაძლებლობებს მისცემს, დეტალები კი ორ კვირაში გახდება ცნობილი.
პასუხად, დანიის პრემიერმა თქვა, რომ არქტიკის რეგიონში, მათ შორის, გრენლანდიის გარშემო, NATO-ის მუდმივი ყოფნა აუცილებელია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. მან ისაუბრა წითელ ხაზებზეც - "ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია" - აცხადებს ოფიციალური კოპენჰაგენი.
ტრამპის თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით გარიგება ევროპისთვისაც სასიკეთოა, რადგან, როდესაც აშშ კარგად არის, ევროპელებიც კარგად არიან.
"დროის ლიმიტი არ არსებობს. ეს სამუდამოა, საუბარია დაახლოებით 99 ან 50 წელზე. ეს განვიხილეთ. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ, რაც გვინდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა მოხდება. არ დაგავიწყდეთ, ეს გარიგება ევროპისთვისაც სასიკეთოა, რადგან, როდესაც ჩვენ ვართ კარგად, ისინიც კარგად არიან. ყველაფერს ერთად ვიცავთ. ხარჯებს მხოლოდ "ოქროს გუმბათის" მშენებლობისთვის გავიღებთ", - განაცხადა ტრამპმა.