მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართული პოლიცია გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტებით მოქმედებენ, ვიდრე აშშ-ში და ევროპაში. სახელისუფლებო გუნდისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები ამის ერთ-ერთი მაგალითია. საუბარია დანით შეიარაღებული პირის დაკავებაზე რომელიც პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამართალდამცველების მოქმედება- უვნებლად აეყვანათ თავდამსხმელი, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ სტანდარტზე მეტყველებს, რაც სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკისგან რადიკალურად განსხვავდება.
ახალგაზრდა კაცი, სამართალდამცველებმა 51-ე სკოლასთან აიყვანეს. ის მოსწავლეებით სავსე ეზოში ჯებირს ჯერ ორჯერ შეეჯახა, ამის შემდეგ კი ორი დანით შეიარაღებული, სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, რომელმაც ახალგაზრდა კაცი, სპეციალური სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავა.
როგორ რეაგირებს ქართული სამართალდამცავი უწყება მსგავს შემთხვევებზე და როგორ მოქმედებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები? - ოპოზიციაში კონკრეტულ ინციდენტებზე საუბარს თავს არიდებენ. ამტკიცებენ, რომ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს კრიმინალთან ბრძოლის საკუთარი პოლიტიკა და კანონები აქვთ. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ ქართველი სამართალდამცველების ქმედება სწორი და ადეკვატური იყო.
მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას კარგად იცნობენ სახელისუფლებო გუნდში. უმრავლესობაში დღეს შტატებსა, თუ დიდ ბრიტანეთში მომხდარი კონკრეტული ფაქტები გაიხსენეს, რა დროსაც პოლიციამ, მოქალაქეები დაკავების ნაცვლად ჩაცხრილა. სხვადასხვა სახელმწიფოში განვითარებული მოვლენები, ქართული ოცნებისთვის დასტურია, რომ ქართველი სამართალდამცველები მუდმივად კანონის შესაბამისად და მაღალი სტანდარტით მოქმედებენ.
51-ე სკოლასთან დაკავებულ შეიარაღებულ კაცს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 8-წლამდე პატიმრობა ემუქრება.