05 აგვისტო 2026,   01:15
ვრცლად
რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - შემთხვევების მატებასა და პიკს მედიკოსები იანვრის ბოლოდან პროგნოზირებენ

მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე ის სიმპტომებია, რომელიც სეზონურ ვირუსებს ახასიათებს. სასუნთქი სისტემის დაზიანება - ეს ინფექციის უკვე გართულებული ფორმაა. ყველაზე ხშირად სწორედ ამ ჩივილით მიმართავენ პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს. ყველაზე მეტი მათ რიგებში მცირეწლოვნები - ანუ რისკ ჯგუფები არიან.

ქვეყანაში ახლა ა და ბ ტიპის ვირუსები ცირკულირებს. აქედან დომინანტი H3N2, იგივე ჰონკონგის ვირუსია. გაზრდილია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, პნევმონიით, 32 ბავშვი მკურნალობს. შემთხვევების მატებასა და პიკს მედიკოსები იანვრის ბოლოდან პროგნოზირებენ.

დაბალი ტემპერატურა და გაზრდილი მობილობა სეზონური ვირუსების გავრცელებას უწყობს ხელს. თავის დაცვაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სწორედ ზამთრის პერიოდში ესაჭიროება. განსაკუთრებული სიფრთხილე მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მართებთ.

რესპირატორული ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე. ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ვაქცინაცია მიიჩნევა.

საქართველოში კვლავ ხელმისაწვდომია ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. მოსახლეობას აცრა ამბულატორიებში უფასოდ შეუძლია.

გრიპი სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებაა, რომელიც წელიწადის ცივ სეზონზე აქტიურდება. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციას, ჰიგიენური წესების დაცვასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მორიდებას ურჩევენ.

დღის ამბები