პროდუქტის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასი და საიდან მოდის ფასნამატი? ყველა კითხვას პასუხს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია გასცემს. სამუშაო ჯგუფის წევრების განცხადებით უკვე არსებობს მოლოდინი, რომ ფასების შემცირება კომისიის მუშაობის პროცესშიც იქნება შესაძლებელი. დღესვე ცნობილი გახდა ისიც, რომ პროდუქტების გარდა კომისია მედიკამენტების და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მთავარი ამოცანა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირებაა, რომელიც მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებს. აპრილის ბოლო ეს ვადა აიღეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა რეალური ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მინისტრთა კაბინეტის წევრების გაცხადებით, სამთავრობო გუნდის ამოცანა ყველა იმ პოტენციალის გამოყენებაა, რომელიც ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილ კომისიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა. უახლოესი რამდენიმე კვირა საცალო ვაჭრობის ქსელების წარმომადგენლებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრებს დაეთმობა.
სურსათზე მაღალი ფასნამატის დარეგულირებას ხელისუფლება კონკრეტული მექანიზმით გეგმავს. სამთავრობო საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებს კონკურენციის სააგენტო,
პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა დაანონსებული. სავარაუდო კარტელური გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში კი საკითხის შესწავლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაიწყებს. სურსათზე ფასების შემცირების აუცილებლობაზე რამდენიმე კვირის წინ სპეციალური მიმართვა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით იმპორტირებული პროდუქცია საბაჟოდან მაღაზიების დახლებამდე საშუალოდ 86 პროცენტით ძვირდება, რაც ევროპაში არსებულ ფასნამატებს ბევრად აღემატება და რეაგირება სჭირდება.