16 აგვისტო 2026,   20:05
ვრცლად
ევროკავშირში არსებული კრიტიკული და მძიმე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, სახელისუფლებო გუნდი ევროკომისარ კაია კალასის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს

ევროკავშირში არსებული კრიტიკული და მძიმე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, სახელისუფლებო გუნდი ევროკომისარ, კაია კალასის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად, "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ახალ მსოფლიო პოლიტიკურ მოცემულობაში არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება - მიზეზი პროფესიონალიზმის ნაკლებობა, არაკომპეტენტურობა და მიკერძოებული დამოკიდებულებაა, კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ.

პოლიტიკურ კულუარებში არსებულ პრობლემებს აღიარებენ თავად ბრიუსელსა და სტრასბურგშიც. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყდა, თანამდებობისთვის შეუფერებელია. ხავიერ ლოპესი აზიარებს კაია კალასის განცხადებასაც, სადაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი წერს, რომ შტატების მიერ, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსთვის 10%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება - ამერიკასა და ევროპას შორის განხეთქილებას იწვევს. მოკავშირეების პრობლემებით კი მხოლოდ ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც.

ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკას, სრულად იზიარებს და ადეკვატურად მიიჩნევს საქართველოში მმართველი ძალა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კალასი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც ევროგაერთიანების მთავარ პრინციპებს - თანასწორობას, კანონის უზენაესობას არღვევს და უხეშად ერევა სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და გამოწვევებსაც სათანადოდ უმკლავდება.

ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მმართველი გუნდის აზრით, მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემთხვევაშია შესაძლებელი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კალასის მსგავსი პოლიტიკოსები, ვინც მათ შორის საქართველოზე მუდმივი თავდასხმებითა და რევოლუციური პროცესების წახალისებით არიან დაკავებული, საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს.

ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პარალელურად, ევროკავშირისა და მისი უმაღლესი წარმომადგენლის პრობლემებზე სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი, წევრი სახელმწიფოს ლიდერი საუბრობს. ერთ-ერთი პირველი სლოვაკეთის პრემიერი იყო. რობერტ ფიცომ, კაია კალასის გადაყენება რამდენიმე დღის წინ მოითხოვა და მიზეზად მისი პოლიტიკური სისუსტე დაასახელა.

დღის ამბები