12 აგვისტო 2026,   11:54
ვრცლად
ლიახვის ხეობელების უთქმელი ისტორიები და ომგამოვლილი ადამიანები - სამაჩაბლოში ომის დაწყებიდან 35 წელი გავიდა

ლია ჩლაჩიძემ ომი ორჯერ ნახა. ცხოვრების თავიდან დაწყებაც ორჯერ მოუწია. ომმა წაართვა ოჯახის წევრები და ყველაფერი, რაც გააჩნდა. დაბომბვისას სახლი მთლიანად გაუნადგურდა და გადაეწვა.

ამ ადგილიდან ცხინვალამდე ფეხით ზუსტად 15 წუთის სავალია. ლიახვის ხეობის მეორე მხარეს დარჩენილებს ხშირად ეზოდანაც გახედავს ხოლმე. იქ ხომ მისი სახლი დარჩა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მავთულხლართებმა დააშორა ახლობლებს მეგობრებს, ბავშვობის საყვარელ ადგილებს.

სოფლის გზა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მთავრდება, რამდენიმე ნაბიჯში უკვე რუსული ბლოკპოსტია. იქვეა პატარა ეკლესიაც, რომლის კარსაც დროდადრო ლია ჩლაჩიძე აღებს. ომგამოვლილი ქალი იქაც მშვიდობისთვის ლოცულობს.

როცა ცხინვალში პირველი ომის დროს არეულობა იწყებოდა, მოვლენები მის თვალწინ ვითარდებოდა.

ომის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მისი მეუღლე იყო. მეხსიერებას შემორჩა შემზარავი ამბები, რომელსაც ემოციის გარეშე დღემდე ვერ იხსენებს. ახსოვს მოხუცი მეზობლებიც, რომლებსაც ომის დროს სასტიკად გაუსწორდნენ.

მიცვალებულების საფლავები რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მამის საფლავიც, რომელსაც ასე შორიდან უნთებს ხოლმე დროდადრო სანთელს, თითქოს მაშინ უბრუნდება მამასაც და ბავშვობის მოგონებებსაც. გვიყვება ერგნეთის ბაზრობაზეც, რომელიც ომის შემდეგ მალევე გაჩნდა...

გავიდა წლები და ისევ ომი... რუსეთის საოკუპაციო ძალების სისასტიკეს 2008 წლის აგვისტოში ეზოდან ადევნებდა თვალს. ახსოვს ადამიანებით სავსე ავტობუსები და მანქანები, რომლებიც სოფელს სწრაფად ტოვებდნენ.

ომი რომ დამთავრდა, მუზეუმი გახსნა, რომელსაც მშვიდობის ფასი აქვს. აქ ახლა, ომგამოვლილ ისტორიებთან ერთად, ომსგადარჩენილი ნივთებიც ცხოვრობენ. საათიც, რომელიც აგვისტოს ომის დროს გაჩერდა.

აქ, ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს, უნდა, რომ ჩაის სახლიც გახსნას, რომელსაც ცხინვალს დაარქმევს...

...ფოტოალბომი ერთადერთი ნივთია, რომელიც საყვარელი ქალაქიდან მოგონებებთან ერთად შემორჩა. სამაჩაბლოში პირველი ომი რომ დაიწყო, ფოტოსურათები განადგურებას გადაურჩა და მოგვიანებით საომარი ზონიდან გამოუტანეს. ცარო ყაზახაშვილი ცხინვალის ცენტრში ცხოვრობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა. ოსებით დასახლებულ კორპუსში. გვიყვება ოსურ-ქართულ ურთიერთობებზე, რომელიც იმდენად მჭიდრო იყო, რომ ცხინვალში ძირითადად შერეული ოჯახები იქმნებოდა. იხსენებს მამას, რომელიც ყველაფერ ქართულს განსაკუთრებულ პატივს სცემდა და ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად ბევრსაც აკეთებდა.

თუმცა, ეს კარგი წლები მალევე მძიმე ამბებმა ჩაანაცვლა და ცხინვალში საომარი მოქმედებები დაიწყო. იხსენებს იმ პერიოდს, როცა მის ქალაქში ვითარება დღითიდღე იძაბებოდა და იმ წუთებს, როცა დევნილად იქცა. ომგამოვლილი ქალი გორში ჩამოასახლეს.

კიდევ უფრო მძიმე იყო აგვისტოს ომი, როცა რუსმა ოკუპანტემა, საკუთარ სამშობლოში, მეორედ, დევნილად აქციეს. იქ დარჩენილი ოსი მეგობრები დღემდე ენატრება. წლების შემდეგ მანძილი მათ შორის სოციალურმა ქსელებმა შეამცირა.

საახალწლოდ, ლია ჩლაჩიძე ნაძვის ხეს ეზოში დგამს. უცვლელია მთავარი საახალწლო სურვილიც...

და როცა ახალი წლის მთავარი სურვილი და ნატვრა აუხდებათ, ზუსტად იციან, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულები პირველს რას გააკეთებენ.

დღის ამბები