19 ივნისი 2026,   00:10
ვრცლად
ომი და კორუფცია უკრაინაში - ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერს, იულია ტიმოშენკოს ანტიკორუფციულმა პროკურატურამ თავისუფლების სანაცვლოდ გირაო შეუფარდა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჯერად კი ომში მყოფი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, იულია ტიმოშენკო, სასამართლო დარბაზში თავის უფლებადამცველებთან ერთად მივიდა. პროცესზე ბევრი ილაპარაკა, ბევრჯერ თქვა, რომ უდანაშაულოა, თუმცა, ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, მაინც გამოძიების მტკიცებულებებით იხელმძღვანელა და დაადგინა, რომ წარსულში მრავალგზის კორუფციონერმა ქალმა პოლიტიკოსმა - თავისუფლების სანაცვლოდ გირაო უნდა გადაიხადოს.

ისინი, ვისაც, იულია ტიმოშენკო ფაშისტებად მოიხსენიებს, თავად ტიმოშენკოს პუტინთან მეგობრობას ახსენებენ. უკრაინის მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კარგად იციან, რით იყო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკავებული.

ვიდრე უკრაინელი პოლიტიკოსები ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებულები - ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისია. ქალაქებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 მაჩვენებელსაც კი აღწევს - ხალხს ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. მიზეზად, რუსეთის თავდასხმები სახელდება, თუმცა, საუბარია კორუფციის ეფექტზეც, რომელიც ომის დაწყების შემდეგ სწორედ ამ სფეროში წარმოიშვა. ენერგეტიკის სექტორიდან მოპარულმა მილიონობით დოლარმა, საბოლოოდ - მდგომარეობის გაუარესება და გადაულახავი კრიზისი გამოიწვია.

სანამ უკრაინელები გათბობას კარვებში მოთავსებული შეშის ღუმელებითა და გენერატორებით ცდილობენ, ომში მყოფი ქვეყნის დელეგაცია შტატებში მოლაპარაკების მორიგ შეხვედრაზე ჩავიდა. ვაშინგტონისა და კიევის წარმომადგენლებმა, ომის დასრულების გზები უნდა განიხილონ. თუმცა, ამ ყველაფერს წინ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემა "როიტერთან" გაკეთებული კრიტიკული განცხადება უძღოდა, ამერიკის პრეზიდენტმა - ომის გაგრძელებაში კიევის მოქმედი ხელმძღვანელი დაადანაშაულა. თქვა, რომ პუტინი სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად მზადაა, თუმცა პროცესს ზელენსკი აფერხებს.

საპასუხო განცხადება უკვე გაისმა კიევიდან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს კრემლთან ამისამართებს და ეუბნება, რომ ის, ვინც ომის დასრულებას აჭიანურებს - ვლადიმერ პუტინია.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავა. მთელი ამ დროის განმავლობაში, კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა სამხედრო მოქმედებები მაინც არ შეჩერებულა. ახლა იმ კონფლიქტის დასრულებას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს.

დღის ამბები