საფრანგეთი, იტალია და ახლა უკვე გერმანიაც - მაშინ, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება ჩიხშია, ევროპელი ლიდერების რიტორიკაც იცვლება. თუ ადრე ევროკავშირისთვის რუსეთთან დიალოგი წითელი ხაზი იყო, დღეს დიპლომატიის გზას თავად ირჩევენ. გერმანიის კანცლერმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ღიად თქვა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და მასთან ხანგრძლივი ბალანსის დამყარებაა საჭირო.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღეს სწორედ ის ბრიუსელი თვლის რუსეთს ევროპად რომელიც თბილისს ხან სამშვიდობო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა, ხან მის მიერ მიღებულ კანონებს რუსულს უწოდებდა. მმართველ გუნდს აქვს კითხვებიც - თუ რუსეთი ევროპის ნაწილია მაშინ გამჭვირვალობის კანონი რუსულია თუ ევროპული.
ემანუელ მაკრონის, ჯორჯია მელონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ ევროპის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
რუსეთთან დაკავშირებით ევროპის შეცვლილი რიტორიკა და შერბილებული ტონი, მმართველი გუნდისთვის მათი არაპრაგმატული, არათანმიმდევრული პოლიტიკისა და ორმაგი სტანდარტის ილუსტრაციაა. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ევროპის უსაფუძვლო კრიტიკის ადრესატი იყო ყველა, ვინც ომის პოლიტიკას მხარს არ უჭერდა და რუსეთთან დიალოგზე საუბრობდა - ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც.
ფრიდრიხ მერცი ერთადერთი არ არის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე ღიად საუბრობს. პოლიტიკოსის ინფორმაციით ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნას განიხილავს. ამ საკითხს კი
საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები ლობირებენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.