19 ივნისი 2026,   00:07
ვრცლად
"გრენლანდია თუ ნატო"- შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადების გაკეთებას კვლავ შტატების სიძლიერეზე აპელირება ამჯობინა

"ბატონო პრეზიდენტო, მზად ხართ დატოვოთ ნატო გრენლანდიის მიღების სანაცვლოდ?“ - შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხი, ჟურნალისტის ამ კითხვაზე დუმილი იყო. დონალდ ტრამპმა, თემაზე - "გრენლანდია თუ ნატო"- განცხადების გაკეთებას კვლავ შტატების სიძლიერეზე აპელირება ამჯობინა. ამერიკის პრეზიდენტს ტრადიციაც არ დაურღვევია და ამჯერადაც, ოვალური კაბინეტიდან დანიას შეახსენა, რომ შტატების შესაძლებლობები უსაზღვროა.

ტრამპის სურვილს გრენლანდიელთა მხოლოდ 6% ემხრობა. ინფორმაციას გამოცემა „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს. ვაშინგტონში გამართული კონსულტაციების შემდეგ კი, პოზიცია ოფიციალურმა კოპენჰაგენმაც დააფიქსირა: კუნძული არ იყიდება, თუმცა აშშ-თან ერთად სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიზეზით, გრენლანდიაში სამხედრო კონტინგენტს აფართოებს დანია. გადაწყვეტილება კუნძულზე - საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, ამ ოპერაციაში წვლილს ნატოს წევრი სახელმწიფოები შეიტანენ.

დანიის თხოვნით, გრენლანდიაში სამხედროებს გაგზავნის შვედეთი.

რამდენ ოფიცერს მიავლენს სტოკჰოლმი ნუუკში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, შვედეთის პრემიერს თქმით, ისინი მოკავშირე ქვეყნების ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ.

უკვე რამდენიმე თვეა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გრენლანდიის ამერიკისთვის შეერთებაზე საუბრობს. საკითხმა უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი, კვლავ, არქტიკულ კუნძულზე ამერიკული გავლენის გავრცელებას აანონსებს.

დღის ამბები