მილოცვა, რომელიც ძალადობას ამართლებს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის ვიდეორგოლს, რომელიც დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა, თუმცა მეორე დღეა განმარტებებს არ აკეთებს. ანტისამთავრობო აქციებიდან გამოყენებული ეს კადრები "ქართული ოცნებისთვის" ღია გზავნილია იმის შესახებ, თუ ვინ მართავდა ფარულად საქართველოში საპროტესტო პროცესებს.
რამდენად ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოში მილოცვის ეს ფორმა? - ოპოზიცია ვიდეორგოლში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. კადრები მათთვის პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვაა, მაშინ როდესაც აქციებზე მოვლენები სწორედ ძალადობრივად განვითარდა. ხელისუფლების ოპონენტებს საელჩოს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა მოსწონთ.
ის, რაც ოპოზიციისთვის ლოგიკურია, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფაქტი ერთის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ბრიუსელისთვის საქართველოს ეროვნული სიმბოლო ძალადობასთან ასოცირდება, მეორეს მხრივ კი მიუთითებს იმ ღირებულებით აცდენაზე, რომელიც ევროკავშირს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან აქვს.
რა პოზიცია აქვს ძალადობის წახალისებაზე თავად საელჩოს? - ვიდეორგოლთან დაკავშირებით "კურიერმა" ოფიციალურ წარმომადგენლობას წერილობით ჯერ კიდევ გუშინ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.