უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში გვიან ღამით შევიდნენ. ჩხრეკის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი რადას ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი კორუფციაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადეს.
გამომძიებლების ინფორმაციით, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მისი პარტიის "ბატკივშინას" ოფისიდან თანხაც ამოიღეს და ფარული სატელეფონო საუბრებიც გაავრცელეს.
იულია ტიმოშენკო ჩანაწერებში, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გაავრცელა, მოლაპარაკებებს რუსულ ენაზე მართავდა. დღეს კი, რადაში მისულმა დეპუტატმა, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც ჩხრეკის დროს, კოლეგებს უკრაინულად მიმართა. თქვა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია, მის მიმართ წაყენებული ბრალდება კი აბსურდული.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა გვიან ღამით უკრაინის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან. მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა პარტია "ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკა.
უკრაინა, ომის პარალელურად, კორუფციასთან ბრძოლას ცდილობს და ამ ბრძოლაში კვალი, ძირითადად, ვოლოდიმირ ზელენსკის მინისტრთა კაბინეტის მოქმედ თუ ყოფილ წევრებთან მიდის.
28 ნოემბერს, რეიდი კიევის სამთავრობო კვარტალში მდებარე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაშინდელი ხელმძღვანელის რეზიდენციაში ჩატარდა. სამართალდამცველებმა ანდრეი იერმაკის სახლი, სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიიდან 100 მილიონი დოლარის მითვისების საქმის ფარგლებში გაჩხრიკეს.
ანტიკორუფციული უწყებების შეკითხვების კიდევ ერთი ადრესატი, ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, რუსტემ უმეროვიც გახდა. მიზეზი მისი ოჯახის ქონება იყო - 3 ბინა ფლორიდაში, 1 ნიუ-იორკში და 4 ვილა მაიამიში.
13 ნოემბერს კი უკრაინაში, ფულის გათეთრებისა და კორუფციული ქმედებების ჩადენის საქმეზე ბრალი ზელენსკის გარემოცვიდან 7 პირსაც წარუდგინეს, მათ შორის, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მრჩეველსა და კომპანია ენერგოატომის ხელმძღვანელებსაც.