10 აგვისტო 2026,   21:55
ვრცლად
ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინასა და მოლდოვაზე - თბილისში ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის განცხადებები ორმაგ სტანდარტად შეფასდა

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები ომში მყოფი უკრაინისა და მოლდოვას შთამბეჭდავ პროგრესზე საუბრობენ. კვიპროსში გამართულ ევროპული საბჭოს კონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუც იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, თავად ევროკომისიის ინდიკატორებით, ორივე ქვეყანა უკუსვლას განიცდის, ბიუროკრატების მხრიდან მათი განვითარება, სიტყვიერად, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის დამაკმაყოფილებლად შეფასდა. საუბარი შეეხო უკრაინის გაწევრიანების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც.

ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის განცხადებები ორმაგ სტანდარტად შეფასდა თბილისში. პარლამენტის სპიკერმა ბრიუსელი მიკერძოებული ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ მოლდოვა და უკრაინა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, დემოკრატიის, კორუფციის, მედიის თავისუფლების ინდექსებში საგრძნობლად რეგრესირებს. ასევე, ქვეყნები ვერც ეკონომიკურ განვითარებას ახერხებენ. ამ ფონზე კი, ყველა ინდიკატორით მოწინავე საქართველოს მიღწევების იგნორირება ბიუროკრატების მხრიდან ობიექტური პოლიტიკური პროცესის განადგურების მცდელობაა.

ინსტიტუციური განვითარების რომელ საფეხურზე ჩანს მოლდოვასა და უკრაინის უპირატესობა საქართველოსთან შედარებით - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ოპოზიციის წევრებს არ აქვთ. ამტკიცებენ, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან ინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნებისთვის უპირატესობის მინიჭება მათი მხრიდან გამოხატული ძლიერი სურვილის გამო ხდება.

ოპოზიციას და ევროპელი ბიუროკრატების ნაწილს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, კვიპროსში გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ ინტეგრაციის პროცესი, რეალური პარამეტრების დაკმაყოფილების ნაცვლად, ბიუროკრატების პოლიტიკურ ინტერესებზეა დამოკიდებული.

კვიპროსში გამართული სამიტი პირველი არაა, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინისა და მოლდოვას საგრძნობ განვითარებაზე საუბრობენ. ობიექტური პარამეტრები კი, რომელიც თავად ევროპული ინსტიტუტების მიერ ტარდება, კანდიდატ ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად საქართველოს ასახელებენ.

დღის ამბები