ვაშინგტონი გრენლანდიის შეძენას ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო პრიორიტეტად ასახელებს და, ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს. თეთრ სახლში Reuters-ს უთხრეს, რომ მაგიდაზე დევს კუნძულის სამხედრო ძალის საშუალებით დაუფლების სცენარი. ალტერნატივად განიხილება დანიასთან დიპლომატიური მოლაპარაკებები და სუვერენული ტერიტორიის ყიდვის შესაძლებლობაც.
ოფიციალურ ვაშინგტონს უკვე უპასუხა კოპენჰაგენმა. დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კუნძულის ხელში ჩაგდება ნატო-ს დაშლას გამოიწვევს. მეტე ფრედერიკსენი იმეორებს, რომ გრენლანდია დანიის ტერიტორიაა, რომლის გაყიდვაც შეუძლებელია.
ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ვაშინგტონის მიმართ საკუთარი პროტესტი დონალდ ტრამპის ყველაზე გავლენიანი თანაშემწის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამოც გამოთქვა. ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სტივენ მილერის ცოლმა, კეიტი მილერმა, გრენლანდიის რუკა გაავრცელა, რომელზეც კუნძულის ტერიტორია აშშ-ის დროშის ფერებით არის დაფარული. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი მასალები პროვოკაციას წარმოადგენს და მოკავშირეებს შორის ნდობას უთხრის ძირს.
ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე, დანიის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოებმა. ევროპელმა ლიდერებმა საკითხზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და თეთრ სახლს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები შეახსენეს.
დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირა ოფიციალურმა ბერლინმა. გერმანიის კანცლერმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გრენლანდია მის მოსახლეობას ეკუთვნის.
დანიის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას მნიშვნელოვანი უწოდა დანიის პრემიერ-მინისტრმა. იენს-ფრედერიკ ნილსენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კუნძულის დაპყრობა არ შეუძლია.
ამ დრომდე უცნობია, რა ზომებით უპასუხებს ოფიციალური ვაშინგტონის გეგმას კოპენჰაგენი. საკითხზე დღეს დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი იმსჯელებს. კრისტიანსბორგის სასახლეში დანიის მთავრობის ხედვას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები წარმოადგენენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე