ნიდერლანდებში ახალი წლის ღამემ მასშტაბური არეულობის ფონზე ჩაიარა: პოლიციამ სამართალდამცველებზე განხორციელებულ თავდასხმებს "უპრეცედენტო ძალადობა" უწოდა. აგრესიულად განწყობილი პირები პოლიციელებს ფეიერვერკებსა და სხვა ასაფეთქებელ საშუალებებს ესროდნენ.
ნიდერლანდების პოლიციის პროფკავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, ამსტერდამში მორიგეობისას თავდასხმის ობიექტი თავადაც გახდა - მისი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
პოლიციასა და მეხანძრეებზე თავდასხმების შესახებ ცნობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ქალაქ ბრედაში სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც ესროლეს.
მძიმეა დაშავებულთა სტატისტიკაც. როტერდამის თვალის კლინიკის ინფორმაციით, პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანებებით მათ 14 პაციენტმა მიმართა, მათგან 10 არასრულწლოვანია. ორ მათგანს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფეიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს ორი ადამიანი ემსხვერპლა: 17 წლის მოზარდი ნაიმეგენიდან და 38 წლის მამაკაცი ალსმერიდან.
ნიდერლანდებში პიროტექნიკის გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვები 2026 წლიდან ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკის ასოციაციის მონაცემებით, წელს მოსახლეობამ ფეიერვერკებში რეკორდული თანხა - 129 მილიონი ევრო დახარჯა.