365 დღე, 52 კვირა და 8 760 საათიანი ბრძოლა გადარჩენისთვის. ათასობით განგაშის სიგნალი და მილიონობით იმედი, რომელმაც საბოლოოდ უიმედობის ელფერი შეიძინა. რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში 2025 წელი გარდამტეხ წლად შევა.
წელი, როცა ფრონტის ხაზმა რუკასთან ერთად, დიპლომატიურ მაგიდასთანაც გადაინაცვლა, თუმცა ოთხწლიანი ომის დასრულება, მაინც ვერ შეძლო.
2025 წლამდე იყო მოლოდინი, შემდეგ იყო სიტყვა, შემდეგ კი კრიტიკა, რომელმაც ყველა გააოცა - დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე, ორ პოლუსიანი სამყარო გამრავალფეროვნდა, დიპლომატია პოლიტიკურმა ვაჭრობამ შეცვალა, ამერიკის გლობალისტური პოლიტიკა კი ოთხმა სიტყვამ "გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული" - ჩაანაცვლა.
28 თებერვალს, შედგა პირველი შეხვედრა შტატების ახალ და უკრაინის ძველ პრეზიდენტებს შორის. თეთრი სახლი და ოვალური კაბინეტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, შემდეგ კი მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა, ამ ყველაფერს წინ, 12 თებერვალს ტრამპსა და პუტინს შორის გამართული 90 წუთიანი სატელეფონო საუბარი უძღოდა, თუმცა, შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა.
იყო კადრები და შეფასებები, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. ტრამპის სვლები ამით არ დასრულებულა, პირიქით სწორედ აქედან დაიწყო.
შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, შტატების პრეზიდენტმა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა; კიევს შეეზღუდა სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა; დახმარება ნაწილობრივ, დათქმების შესრულების სანაცვლოდ აღდგა - უკრაინა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, მალევე, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს აპრილში, პაპის ინაუგურაციაზე შეხვდნენ; ომში მყოფმა ქვეყანამ შტატებს მის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ფასეულობის იშვიათი მინერალების მოპოვების უფლება მისცა.
დაიწყო პირისპირ მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის. შეხვედრებს სამჯერ - 16 მაისს, 2 ივნისს და 23 ივლისს სტამბულმა უმასპინძლა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიიღწა კონსენსუსსაც, გაიცვალა ტყვეები, შეიქმნა სამშვიდობო შეთანხმების პროტოკოლური ვერსია.
მაისიდან დიპლომატიურმა ძალისხმევამ დაუსრულებელი სახე მიიღო, თუმცა ომი მაინც არ დასრულებულა.
ვიდრე შტატების ახალი ადმინისტრაცია უკრაინასთან კედლებს აშენებდა, ყინულმა ლღობა - ალასკის ცივ უდაბნოში დაიწყო. ქალაქ ანკორიჯში, რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე მასპინძელი სტუმარს წითელ ხალიჩაზე ელოდა თვითმფრინავიდან "ილიუშინ 2-ი" რუსეთის პრეზიდენტი გადმოვიდა.
ისტორიული შეხვედრა ასე დაიწყო. ტრამპის დახვედრის ჟესტი მსოფლიო მედიის განხილვის თემა გახდა. იყო ხელის ჩამორთმევაც, გულთბილი მისალმებაც და მოულოდნელი ძალის დემონსტრირებაც. რუსეთის პრეზიდენტის თავზე "ბი-2"-ის ტიპის ამერიკული ბომბდამშენებმა გადაიფრინეს, ადგილზევე გაისმა უხერხული კითხვა პასუხი არავის გაუცია. ასევე უპასუხოდ დასრულდა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები - ორი უდიდესი სახელმწიფოების ლიდერებს შორის უკრაინაში ომის დასრულების საკითხი, გაურკვეველი ვადით ისევ გადაიდო.
პარალელურ რეჟიმში გრძელდებოდა შეხვედრები რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის: რიადში, ანკორიჟში, მოსკოვსა და მაიამში.
ვლადიმერ პუტინის შემდეგ, დონალდ ტრამპთან ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი პარტნიორები ორჯერ ჩავიდნენ. ერთხელ - რუსეთის ლიდერთან შეხვედრის განსახილველად. მეორედ კი ფრთოსანი რაკეტების, ანუ ტომაჰავკების მისაღებად.
ტრამპმა პუტინთან დარეკა - ზელენსკის რაკეტებზე უარი უთხრეს.
როდესაც შტატების ადმინისტრაცია მიხვდა, რომ მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოჰქონდა დონალდ ტრამპმა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
დაიწყო დიალოგის ახალი ეტაპი, ვაშინგტონმა კიევს 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გადასცა. ტრამპმა ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენა - შეთავაზებაზე პასუხი დადებითი უნდა ყოფილიყო.
ზელენსკის რომ ამ მომენტში ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღება უწევდა ამას ყველა მიხვდა. 28 პუნქტიანი გეგმა მთელმა მსოფლიომ უპირობო კაპიტულაციის აქტად შეაფასა, რადგან ხელშეკრულებით: უკრაინამ უნდა დათოს ოკუპირებული ტერიტორიები და დე ფაქტოდ აღიაროს ის რუსეთის ნაწილად; რუსულმა ენამ უნდა შეიძინოს სახელმწიფო ენის სტატუსი; უკრაინა უარს ამბობს ნატოზე; ჩატარდეს არჩევნები ან შეიცვალოს ხელისუფლება; უკრაინაში არ განლაგდებიან ევროპული საჯარისო ნაწილები.
ვოლოდიმირ ზელენსკი ისევ ფიქრობს, დათანხმდეს თუ არა უკრაინისთვის დამანგრეველ პირობებს, დროთა განმავლობაში, 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, 20 პუნქტიან ხელშეკრულებად იქცა.
გაიმართა წლის ბოლო შეხვედრაც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. მოლოდინი ამ შეხვედრამაც ვერ გაამართლა - მხარეებმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.
იყო მშვიდობის დამყარებისთვის რამდენიმე ბოლო ვადაც - აღდგომა, მადლიერების დღე და შობა - არცერთი მათგანი არ იქცა ომის დასრულების თარიღად.
ომში 2025 წელს ათასობით უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა. ქვეყანაში, სადაც უკვე მეოთხედ ხვდებიან ახალ წელს, განგაშის სიგნალის ფონზე - ბრძოლა გადარჩენისთვის ისევ გრძელდება.