რამდენიმე წუთში ლევან ოთარ ფარცხალაძის ადვოკატს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალის დადგენილებას გააცნობენ. ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ჩაიდინა, ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
უწყების ცნობით, სწორედ მისი დავალებით დაუკავშირდნენ ძმები მიქაძეები გიორგი ჯოხაძეს, რის შემდეგაც მათ დანაშაული ჯოხაძის დაცვის ყოფილ წევრს, გელა უძილაურს დაუკვეთეს.
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში არსებობს მასალები, რომელიც ლევან ჯანგველაძისა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირებაზე მიუთითებდა.
მისივე თქმით, დაპირისპირება ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
"ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ნამდვილად ჩატარდა ბევრი ეფექტური და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მიზნად ისახავდა ჭეშმარიტების დადგენას. საქმეში არაერთი მტკიცებულებები მიუთითებდა მის კონფლიქტთან და გაუგებრობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად გააჩნდა მოკლულ ლევან ჯანგველაძესთან. არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ლევან ჯანგველაძეს და ამ ადამიანს ჰქონდა საერთო ბიზნეს ინტერესები, მათი გზები ცუდად გადაიკვეთა და მათ ჰქონდათ სერიოზული დაპირისპირება, ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.