20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების პროექტი, ფლორიდაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების მთავარი თემაა.
ზელენსკის განცხადებით, ეს გეგმა შეიძლება გახდეს რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მომავალი შეთანხმების საფუძველი.
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ აქვთ მიღწეული კონსენსუსი ორ ძირითად საკითხზე - ტერიტორიის კონტროლსა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლზე, თუმცა ზელენსკის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ორივე თემას ტრამპთან განიხილავს.
ქვემოთ მოცემულია წინადადების პროექტის პუნქტები, რომლებიც ზელენსკიმ წარმოადგინა და მისმა ოფისმა ამ კვირაში გაავრცელა:
1. უკრაინის სუვერენიტეტი კვლავ დადასტურდება.
2. ეს პუნქტი ითვალისწინებს სრულ და უპირობო თავდაუსხმელობის შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის. გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნება მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც კონტაქტის ხაზს გააკონტროლებს კოსმოსზე დაფუძნებული უპილოტო მონიტორინგის საშუალებით, დარღვევების ადრეული გამოვლენისა და კონფლიქტების მოგვარების მიზნით.
3. უკრაინა მიიღებს მყარ უსაფრთხოების გარანტიებს.
4. უკრაინა შეინარჩუნებს შეიარაღებულ ძალებს არსებულ რაოდენობას — 800 000 სამხედრო მოსამსახურე. აშშ-ის წინა პროექტი უკრაინის არმიის შემცირებას ითვალისწინებდა.
5. შეერთებული შტატები, NATO და ევროპული ქვეყნები უკრაინას უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებით, რომლებიც NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის — კოლექტიური თავდაცვის მუხლის ანალოგიური იქნება.
6. რუსეთი ოფიციალურად დააფიქსირებს თავდაუსხმელობის პოლიტიკას ევროპის და უკრაინის მიმართ ყველა აუცილებელ კანონში და ყველა სავალდებულო სარატიფიკაციო დოკუმენტში, მათ შორის სახელმწიფო დუმაში ხმების აბსოლუტური უმრავლესობით რატიფიკაციის გზით.
7. უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი კონკრეტულად განსაზღვრულ თარიღში. ამასთან, უკრაინა მიიღებს მოკლევადიან პრეფერენციულ წვდომას ევროპულ ბაზარზე.
8. უკრაინა მიიღებს ძლიერ გლობალურ განვითარების პაკეტს, რომელიც განისაზღვრება ცალკე შეთანხმებაში ინვესტიციებისა და მომავალი კეთილდღეობის შესახებ.
9. შეიქმნება რამდენიმე ფონდი ეკონომიკური აღდგენის, დაზიანებული ტერიტორიებისა და რეგიონების რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად. მიზანი იქნება 800 მილიარდი დოლარის მობილიზება, რათა უკრაინამ სრულად შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
10. უკრაინა დააჩქარებს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პროცესს. ზელენსკის თქმით, აშშ-ის პოზიციაა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინას თავისუფალი ვაჭრობის ხელმისაწვდომობას მიანიჭებს, ის მსგავს პირობებს რუსეთსაც შესთავაზებს.
11. უკრაინა დაადასტურებს, რომ დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
12. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.
ზელენსკის თქმით, ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს და ამჟამად რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, შეერთებულ შტატებთან შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
მისი თქმით, აშშ-ის წინადადება ითვალისწინებს სადგურის ერთობლივ მართვას უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ — თანაბარი წილებით ერთობლივ საწარმოში, სადაც ამერიკელები მთავარი მენეჯერის როლს შეასრულებს.
კიევის წინადადება კი გულისხმობს სადგურის მართვას 50/50 პრინციპით მხოლოდ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მონაწილეობით, სადაც წარმოებული ენერგიის ნახევარს მიიღებს უკრაინა, ხოლო მეორე ნახევარს შეერთებული შტატები დამოუკიდებლად გაანაწილებს.
13. უკრაინა და რუსეთი ვალდებულებას იღებენ, დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში და საზოგადოებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის მიმართ გაგებასა და ტოლერანტობას და აღმოფხვრის რასიზმსა და წინასწარ განწყობებს. უკრაინა ასევე დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის მიმართულებით.
14. ტერიტორია.
ზელენსკის თქმით, ეს არის ყველაზე რთული და ჯერაც გადაუჭრელი საკითხი. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ დონეცკის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. კიევს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს არსებულ ფრონტის ხაზებზე. ვაშინგტონი კი დემილიტარიზებული ზონების და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას სთავაზობს დონეცკის იმ ნაწილში, რომელიც კიევის კონტროლქვეშაა.
15. მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, ძალის გამოყენებით არ შეცვალონ ეს შეთანხმებები.
16. რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას დნიპროს მდინარისა და შავი ზღვის კომერციულ გამოყენებაში. დაიდება ცალკე საზღვაო შეთანხმებები, რომლებიც ნავიგაციისა და ტრანსპორტის თავისუფლებას მოიცავს. დნიპროს შესართავთან მდებარე კინბურნის ნახევარკუნძული დემილიტარიზებული იქნება.
17. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი, რომელიც დარჩენილ საკითხებს მოაგვარებს:
a. ყველა დარჩენილი სამხედრო ტყვე გაცვლილი იქნება პრინციპით "ყველა ყველასთვის";
b. ყველა სამოქალაქო დაკავებული და მძევალი, მათ შორის ბავშვები, დაბრუნდებიან;
c. მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად.
18. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები.
19. ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მისი შესრულება გაკონტროლდება და უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობის საბჭოს მიერ, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უხელმძღვანელებს. ამ მექანიზმში ჩართული იქნებიან უკრაინა, ევროპა, NATO, რუსეთი და შეერთებული შტატები. დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები.
20. მას შემდეგ, რაც ყველა მხარე შეთანხმებას დაეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ შევა სრულად ძალაში.