სისხლიანი დაპირისპირება სირიაში - როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, დასავლეთისგან მხარდაჭერილი, გარდამავალი მთავრობის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს - მოვლენათა ეპიცენტრი ქალაქი ლატაკია.
გარდაცვლილია სამი დემონსტრანტი, 40-ზე მეტი კი მძიმედაა დაშავებული. ალავიტებით დასახლებულ რეგიონში ათასობით დემონსტრანტი ფედერალისტურ მმართველობასა და იმ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის მხარდამჭერები არიან.
სწორედ ალავიტები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები, მამა-შვილი ჰაფეზ და ბაშარ ალ ასადები, რომლებიც სირიას ჯამში 43 წელი მართავდნენ. ასადების მმართველობისას ალავიტებს წამყვანი თანამდებობები ეკავათ, მაშინ, როცა სირიელების თითქმის 75% სუნიტი მუსლიმია.
ამჟამინდელი პრეზიდენტის ალ-შარაას რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ ზუსტად ერთი წლის წინ დაამხო ბაშარ ასადის რეჟიმი. 2025 წლის იანვარში კი გამოცხადდა, რომ აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს. სირიის ახალ მთავრობას ქვეყნის მასშტაბით კონტროლის დამყარება უჭირს, თუმცა აქტიურად მართავს შეხვედრებს დასავლელ ლიდერებთან და უპრეცედენტო მხარდაჭერასაც იღებს.
ვიზიტები ვაშინგტონში, დროებით შეჩერებული დასავლური სანქციები და პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპული დედაქალაქებიდან. არადა, ალ-შარაა, რომელიც ახლა სრულიად სირიას აკონტროლებს - წარსულში ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წევრი იყო, როგორიცაა ალ-ყაიდა და ისლამური სახელმწიფო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შარაას მოძრაობას უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი უკვე მოუხსნა. ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ კი ნაწილობრივ შეაჩერა დამასკოს წინააღმდეგ სანქციების მოქმედება.
სირიის ლიდერს და შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები, ასევე, მოუხსნა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა. ნოემბერში ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის წინ ალ-შარაა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო გაეროს უშიშროების საბჭომაც.