10 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
ქალაქი, სადაც შობა და ახალი წელი საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულად აღინიშნება - ვენა იმ ადგილებს შორისაა, სადაც დღესასწაული მხოლოდ გართობას არ უკავშირდება

როცა, წლების წინ ავსტრიის ერთ პატარა სოფელში დაწერილ მელოდიას გაიგებ, ხმას ფრთხილი ნაბიჯით გაჰყევი და თავი ჰანგებს მიანდე. ეს ის გზაა, ზღაპრამდე რომ მიდის. იმ ჯადოსნურ ატმოსფერომდე, რომლის შთაბეჭდილებები ცხოვრების მოგონებად გექცევა. მის გახსენებაზე კი, შენს სახეზე ღიმილიც ყოველთვის ათამაშდება. ეს ის მელოდიაა, ყველაზე ცივი სეზონის ყველაზე თბილ დღესასწაულებს რომ გვაუწყებს....

წელიწადის ბოლო თვე რომ ბოლო დღეების დათვლას დაიწყებს, ჰაერი რუხისფერს მოისხამს, ყელზე ფერადი გირლიანდების მძივს შემოიხვევს და ჰაერს თბილი ღვინის სურნელით დაათრობს - კალენდარზე მაგიური დღეები ინიშნება. იმედის და შეხსენების დღესასწაულები. იმის მაუწყებლად, რომ წინ კიდევ ბევრი დაუოკებელი და ფერადი ოცნება გვაქვს ასახდენი.

ზოგის ოცნება ახდა და საშობაოდ ზღაპრად ქცეული ქალაქის ისტორიის ნაწილი გახდა. ეს ვენაა, ავსტრიის დედაქალაქი, რომელიც საშობაო ბაზრობებით თავს ბევრი საუკუნეა იწონებს, არც პირველობას თმობს და არც ვიზიტორებისთვის იშურებს დაუვიწყარ დღეებსა და თავგადასავალს.

პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან, წელსაც, ბევრმა, ერთი ზურგჩანთით, მარტო, მეგობრებთან ერთად თუ ოჯახით, გადაწყვიტა მათი გადაკვეთის ადგილი სწორედ ეს ქალაქი ყოფილიყო. ისტორიის ექოთი სავსე ქუჩები კი ქართული ხმითაც ივსება.

აქ არავინ ჩქარობს. შონბრუნის სასახლის სიდიადესთან, ყოველი კუთხე პატარა დღესასწაულს ჰგავს. თბილი ღვინის ორთქლი, ქალაქის ყინულოვან სიცივეს არბილებს. ამ სიცივეს კი ფონად ბაზრობების ხმაური დაჰყვება, საშობაოდ ქალაქის პულსად რომ იქცევა. ხელნაკეთი ნივთებით სავსე დახლები, პატარა ისტორიებს ჰყვებიან და როცა ეს პატარა, შენი ნაწილი ხდება, დიდი ისტორიის წერაც მერე იწყება.

"ხანდახან რა ჯობია ბავშვად ყოფნას და როდის თუ არა შობას, რომლის უძლეველი დამფუძნებელიც ბავშვი იყო" - იტყვის და დაწერს წლების წინ ჩარლზ დიკენსი საშობაო სიმღერაში. წლების შემდეგ კი, ამ ნათქვამის სულისკვეთება აქ ყველაზე მეტად გაგვახსენდება. მათ თვალებში, ყინულის მოედანზე, ზოგი ცივი ნიავის ტალღებს თავნებად რომ მიაპობს. ზოგს ეს ჯადოსნური წრე ალბათ ბავშვობაში აბრუნებს - აი იმ წლებში, ბევრი დაცემის, გაყინული თითებისა და პატარა გაწითლებული ცხვირის მიუხედავად, სწრაფად რომ უნდა წამომდგარიყავი და დანიშნულების წერტილამდე პირველი მისულიყავი.... დიდებს ბავშვობაში აბრუნებს, პატარები კი მომავლის მოგონებებს აგროვებენ...

გიფიქრია რატომ არის წლის ყველაზე თბილი დღესასწაული ყველაზე ცივ სეზონზე? იქნებ იმიტომ, რომ წლის ბოლოს დარჩენილ ემოციებს დაუნანებლად გავცემთ. ან იქნებ იმიტომ, რომ სუსხიან დღეებში ხელის ჩაჭიდებას სულ სხვანაირი სითბო აქვს. ან იქნებ იმიტომ, რომ წითელი ღვინო დარიჩინით და ფორთოხლით სხვანაირად ათბობს. ანდაც იქნებ იმიტომ, რომ ამ დროს ყველა მართლაც ბავშვობაში ვბრუნდებით. შობაც ხომ ის პატარაა გზაა, რომელიც დიდებსაც კი ბავშვობაში გვაბრუნებს.

დღის ამბები