სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ბაჩო ახალაია ზუსტად 13:00 საათზე მიიყვანეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში მხილებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების სახით, დღეს პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, იქამდე, სახელმწიფო ბრალდებამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარე და თავად ბრალდებული არ დაეთანხმა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სიტყვის უფლებითაც ისარგებლა და თქვა, რომ, დაკავების შემდეგ, მას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის დაჭერით დაემუქრნენ, თუ ის აქციის სხვა ორგანიზატორების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა.
ბრალდებული ახალაიას ამ განცხადების შემდეგ, "კურიერმა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. საპასუხოდ კი სუს-ში განმარტეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება ტყუილია, მისი მიზანი კი საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებაში რეალობის საპირისპირო წარმოდგენის შექმნაა.
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის საქმის ფარგლებში, სუს-მა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მათ შორის, ქრონოლოგიური სიზუსტით - წუთებით და წამებით გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს, ინტერნეტ აპლიკაციით, მუდმივ კომუნიკაციაში იყო აქციის ორგანიზატორებთან. ადვოკატის ინფორმაციით, ორგანიზატორებთან კომუნიკაციას ბაჩო ახალაია არ უარყოფს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს.
მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით სატელეფონო კომუნიკაცია - საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე აპელირებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალები საიდუმლოა, სწორედ ამიტომ, დღესაც და მომავალშიც პროცესები დახურული იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩო ახალაიას პროცესზე, დაცვისა და ბრალდების მხარეების გარდა, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ. სააკაშვილის გუნდში ახლა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობას აკრიტიკებენ.
4 ოქტომბერს, მსვლელობის დაწყებამდე, ძალადობრივი მოწოდების გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ, საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში შეჭრამდე და მის შემდეგ - ორგანიზატორებთან ათობით ინტერნეტსესია და დროის ყველა მონაკვეთი სუს-მა დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია იყო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მთავარი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მოწყობა და ხელისუფლების დამხობა იყო.
სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია აქციის ორგანიზატორებთან კომუნიკაციისთვის მისი მეუღლის, ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს და ოჯახის ახლობლის, ზვიად გაგუას ტელეფონს იყენებდა. დაკავებიდან მალევე გათავისუფლდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლი, თავად ექსმაღალჩინოსანს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე