ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებულ, ბაჩო ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და გამოძიებას არ ენდობა. გია გოროზია თქმით, სწორედ ამიტომ, ბაჩო ახალაიას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბაჩო ახალაიას ბრალეულობას დაადასტურებს.
"წარდგენილ ბრალდებას ის არ აღიარებს, არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით, მან გამოძიებას ჩვენება არ მისცა. გავეცანით ბრალდებას, იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე კონკრეტული მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მას გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მოცემულობა ბრალში პირადად მე ვერ ვნახე," - აცხადებს გია გოროზია.
ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ახალაიას პროკურატურამ ბრალი გუშინ, დღის მეორე ნახევარში წაუყენა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.