ვიდრე კალენდარი წლის ბოლო დღეებს ითვლის, მსოფლიოს ყველა წერტილში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ახალი წლის შესახვედრად, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები საკუთარ ტრადიციებს, ისტორიებსა და კულტურას ითვალისწინებენ.
25 დეკემბერს ბრიტანეთში მეფე ჩარლზ მესამის საშობაო მიმართვა გავრცელდა. სადაც ყურადღება ერთიანობის, თანაგრძნობისა და მშვიდობის განსაკუთრებულ როლზეა გამახვილებული.
მიმართვაში, რომელიც ბიბლიური შობის მრავალ რეფერენციას შეიცავდა, მან ასევე გაიხსენა ვატიკანში პაპ ლეოსთან ვიზიტი და აღნიშნა, რომ წარსულის გააზრება და მომავლისკენ სვლა, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია .
მეფემ ბიბლიური ამბავი მოგზაურობის სიმბოლოდ წარმოაჩინა და აღნიშნა, რომ თანადგომა, სიკეთე და პატივისცემა ყველა რწმენის საფუძველია.
77 წლის მონარქის სიტყვა ვესტმინსტერის სასახლიდან გადაიცა, ადგილიდან სადაც ბრიტანეთის მონარქები, 1066 წლიდან კორონაციას გადიან. მეფის სიტყვებს მოჰყვა უკრაინისა და ლონდონის სამეფო ოპერის გუნდების მიერ შესრულებული "ქეროლ ოფზე ბელს."
ნიუ-იორკში დეკემბრის დადგომა, მილიონობით ტურისტს, უთვალავ ნათურას, მრავალფეროვან შოუს და როკფელერის საკულტო ნაძვის ხეს ნიშნავს, სადაც ყინულის მოედანი ათასობით მოგზაურს თავგადასავლების ძიებაში ითრევს.
"ბერლინის სელაპებმა" ორმოც წლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და შობის დღესასწაულზე, მინუს რვა გრადუსში, ტბაში გაცურეს. კლუბის წევრები , რომელთა ასაკი 12-დან 90 წლამდეა, ზამთრის სეზონზე, გაყინულ ტბაში ყოველ კვირას შედიან. მონაწილეების თქმით, წყალი ამჯერადაც ძალიან ცივი იყო , თუმცა ეს მათ გამოფხიზლებასა და ენერგიის მომატებაში დაეხმარათ.
გერმანია ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც შობას განსაკუთრებულად აღნიშნავს. ცხელი გლინტვეინი, გერმანული სოსისები და ჯინჯერის ორცხობილები სწორედ ისაა, რაც ნიურნბერგის საშობაო ბაზრობას პოპულარულს ხდის. თუმცა ათასობით მოგზაურის შეკრების მიზეზი ის თეატრალური წარმოდგენაა, რომლითაც საშობაო მარკეტი იხსნება.
მაკედონიაში მყვინთავთა კლუბის წევრებმა სანტას ქუდები მოირგეს და ოხრიდის ტბის ფსკერზე სადღესასწაულოდ მორთული ნაძვის ხე ჩაიტანეს.
მაკედონიაში, სადაც შობა იანვრის დასაწყისში აღინიშნება, დეკორატიული ხეები ახალი წლის და დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია.
ეს პერფორმანსი, ტრადიციული ელემენტებით, მყვინთავთა კლუბმა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს მიუძღვნა.
შობა ისეთ ეგზოტიკურ ქვეყანაში, როგორიც ბრაზილიაა, ყოველთვის არაორდინალურად აღინიშნება. სანტას ნავი რიო ნეგროს თემში მდინარის პირას 18 დეკემბერს გამოჩნდა. სადღესასწაულოდ მორთულმა სანტას ნავმა საჩუქრები მიუტანა ადგილობრივ ბავშვებს. მათ კი ვისაც ქალაქში წასვლა არ შეუძლია, სადღესასწაულო ატმოსფერო შეუქმნა.
ინიციატივა ადგილობრივ მერს ეკუთვნის და მიზნად ისახავს იზოლირებული თემების პირდაპირ დღესასწაულებზე ჩართვას, მდინარის ტრანსპორტის საშუალებით.
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰარბინში, საახალწლოდ მსოფლიოში უდიდესი ყინულის პარკი გაიხსნა. ის რეკორდულ 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მის მშენებლობისთვის 400,000 კუბური მეტრი ყინული და თოვლი გამოიყენეს. ჰარბინის "ყინულის სამყარო" არა მხოლოდ გლობალური ტურისტული ღირსშესანიშნაობა, არამედ ჩინეთის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ცენტრიც არის.
"ქეროლ ოფ ზებელს" ცნობილი საშობაო ჰიტი, რომელიც უკრაინულ ფოლკოლორზეა დაფუძნებული და 100 წლის, წინ უკრაინელმა კომპოზიტორმა მიკოლა ლეონტოვიჩმა ქორალურ ვერსიად აქცია, დღეს არამხოლოდ დღესასწაულის მთავარი სიმღერა, არამედ უკრაინის კულტურული ემბლემაცაა. კიევში გამოფენა გაიმართა, რომელიც კომპოზიტორის ისტორიას და მის მიერ შექმნილ კომპოზიციას მიეძღვნა. გამოფენის შემდეგ, კონცერტზე ორკესტრმა ცნობილი "შჩედრიკი" შეასრულა.
ახალი წლის დღესასწაულის მთავარი ჯადოსნობა კი იმაშია, რომ შორიდან მოდის და მის მოსვლას ადამიანი ყოველდღიურ დეტალებში გრძნობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი