09 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი - კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს

მოქალაქეებისთვის სურსათზე ფასების შემცირების ახალი გეგმა კვლავ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების კრიტიკის სამიზნეა. მმართველ გუნდში მათი ოპონენტების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა კონკრეტულ პირებს, მივიდნენ პარლამენტში, სადაც კომისიის შექმნა იგეგმება და დაასაბუთონ, რომ ფასნამატი ლოგიკურია.

ირაკლი კობახიძემ დაასახელა დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციის აქტივისტია, ასევე ახსენა ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახს ეკუთვნის.

"ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. აქედან ჩანს, რომ რასაც აკეთებენ ხოლმე, ყველაფერი არის ფარისევლობა. სინამდვილეში, მათ აქვთ განსხვავებული ინტერესები, მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს პირიქით - დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი. ასევე, სხვა მიმართულებითაც იკვეთება მათი პირდაპირი თანამონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელები არიან ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერები და ა.შ. ისევ ისინი ლაპარაკობენ მაღალ ფასებზე და, როგორც ირკვევა, თვითონ ადებენ ეს ადამიანები მაღალ ფასნამატს რაც, საბოლოო ჯამში, ფასების ზრდას იწვევს.

ყველა ამ ადამიანს მოუწევს პასუხების გაცემა. კეთილი ინებონ, მოვიდნენ, მაგალითად, ამ ასოციაციის ხელმძღვანელი მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი და არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს. საზოგადოებამ უნდა ნახოს და შეაფასოს ეს ყველაფერი, - მივიდნენ და დაასაბუთონ, რომ ფასნამატი არის ლოგიკური. თუ ვერ დაასაბუთებენ, კეთილი ინებონ და დაწიონ ფასები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები