18 ივნისი 2026,   23:04
ვრცლად
რომის პაპის პირველი საშობაო წირვა პონტიფიკოსად არჩევის შემდეგ და პირველი საშობაო წირვა ორ წლიანი ომის დასრულების შემდეგ ქალაქ ბეთლემში - როგორ აღინიშნა შობის დღესასწაული მსოფლიოში

კიევი, 25 დეკემბერი, განგაშის სიგნალი ქალაქში ღამით 3 საათსა და 11 წუთზე ჩაირთო - შობის დღესასწაულის აღსანიშნად ტაძარში მისულმა მოქალაქეებმა თავშესაფრებში გადაინაცვლეს. კიევში საჰაერო განგაში რამდენიმე საათი გაგრძელდა.

კიევის ცენტრში, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები შობას აღნიშნავდნენ.

დედაქალაქის ქუჩებში სადღესასწაულო განწყობა საჰაერო განგაშის კიდევ ერთმა სიგნალმა ჩაანაცვლა. რუსეთის ძალებმა კიევის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს.

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მნიშვნელობაზე, რომის პაპმა "ქალაქსა და მსოფლიოს" - მიმართ საკუთარ ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა. ლეო მეთოთხმეტემ, რომელმაც პონტიფიკოსის რანგში, საშობაო მესსა პირველად აღავლინა, კონფლიქტებზე, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაზე და იმ პატიმრებზე ისაუბრა, ვინც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

კიდევ ერთი ცხელი წერტილი, სადაც შობა იზეიმეს მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროა. ათასობით ადამიანი ღამით ბეთლემში, მაცხოვრის შობის ეკლესიაში, ორწლიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად შეიკრიბა.

გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ პირველი საშობაო მესა აღევლინა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც. ლიტურგიაზე, საფრანგეთის საზოგადოებამ პატივი მიაგო მათ, ვინც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის გადასარჩენად იბრძოდა.

შობის დღესასწაული განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღნიშნეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მსოფლიოს ყურადღება ერთი საათის განმავლობაში მიპყრობილი იყო თეთრი სახლისკენ, სადაც დონალდ და მელანია ტრამპებმა ტრადიცია წელსაც არ დაარღვიეს. პრეზიდენტი და პირველი ლედი სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ და ბავშვებს "უახლეს ინფორმაციას" აწვდიდნენ იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა მოცემულ მომენტში სანტა კლაუსის მარხილი.

ტრამპმა მოქალაქეებს სოციალური ქსელის საშუალებითაც მიმართა.

სანამ მსოფლიო შობას აღნიშნავდა, თურქეთში სამართალდამცავებმა ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები აღკვეთეს. ტერორისტული ორგანიზაცია ""ისლამური სახელმწიფოს"" წევრობის ბრალდებით სტამბოლში 115 პირი დააკავეს. გაირკვა, რომ ეჭვმიტანილები შობისა და ახალი წლის პერიოდში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. 124 კონკრეტულ მისამართზე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები