12 აგვისტო 2026,   16:59
ვრცლად
ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის სემინარი გაიმართა

2025 წლის 24 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში თემატურ სემინარს - "ქართული ღვინო: მრავალფეროვნება და თვისებები" დაესწრნენ. 

ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა. 

პრეზენტაცია დიპლომატებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარუდგინეს, რომლებმაც ცენტრის საქმიანობასა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრეს. 

დიპლომატებმა ასევე მოინახულეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი განვითარების ისტორია და ქვევრის ტრადიციასთან დაკავშირებული ექსპონატები. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - "ელჩების კონფერენცია" 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება.

დღის ამბები