05 აგვისტო 2026,   07:17
ვრცლად
პროკურატურის შეთავაზება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს და ვრცელი განმარტება სისხლის სამართლის საქმეზე - მთავარი საგამოძიებო უწყება მზადაა, შეხვდეს დაზარალებულის ოჯახს და გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს

პირს, რომელმაც გიგა ავალიანს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, საგამოძიებო უწყება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. სისხლის სამართლის საქმის გარემოებებზე გენერალურ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 3 ადამიანს, ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, გამოძიება კი ისევ გრძელდება. უწყება მზადაა, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პროკურორის განმარტებას წინ უძღოდა საგამოძიებო უწყების განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ გიგა ავალიანის ოჯახს ჯერ თბილისის პროკურორთან, შემდეგ კი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა დაზარალებულმა მხარემ ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა. საგამოძიებო უწყება ამავე განცხადებაში საუბრობს იმ მიზეზებზეც, რის გამოც დაზარალებულის ადვოკატს საქმის მასალების გადაცემაზე უარი ეთქვა.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გიგა ავალიანის ოჯახს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, ისევე, როგორც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხი.

ბრალდებულების უფლებადამცველები საქმის მასალების გადაცემის საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ და მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე მიუთითებენ.

პროკურატურა განმარტავს, რომ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან თავს იკავებს როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვანების საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე. საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მზად არიან, შეხვდნენ დაზარალებული მხარის ნებისმიერ წარმომადგენელს და მიაწოდონ ინფორმაცია საქმის გარემოებების შესახებ.

გიგა ავალიანის საქმის არსებითი განხილვა 26 დეკემბერს გაიმართება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევითა და პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღის ამბები