"იმაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც მოვისმინეთ, უბრალოდ, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ, ადამიანს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
"ბევრი საკითხი ამოტივტივდა - დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება. ზოგადად, საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა. იმაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც მოვისმინეთ, უბრალოდ, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ, ადამიანს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიბრძოდით, ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად, გუნდის წევრი იყო. ძალიან მძიმეა ფაქტი - დანარჩენი არ ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას," - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. საუბარია ოთხ კონკრეტულ ეპიზოდებზე, - მათ შორის არის "ქოლ-ცენტრების" საქმე, საბავშვო ბაღების ტენდერები და ბიზნესის ლობირება.
"ნეიტრალურ საქართველოში" საუბრობენ გრიგოლ ლილუაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის ერთობლივ სქემაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის უფროსზე "ქოლ-ცენტრებიდან" დაფინანსებულ მედიებში ხელოვნური თავდასხმები მთავარი პრობლემიდან ყურადღების გადასატანად ხდებოდა, რა დროსაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, რეალური "ქოლ-ცენტრები" ხელშეუხებელი თემა იყო.