14 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
"ამ საკითხებს სჭირდება სპეციალური ჩაღრმავება, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხვრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი" - ნინო წილოსანი პრემიერის ინიციატივაზე სურსათის ფასებთან დაკავშირებით

"ამ საკითხებს სჭირდება სპეციალური ჩაღრმავება იმისთვის, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხვრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც მთავრობის ახალ გეგმას გამოეხმაურა.

ნინო წილოსანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა დაავალა საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ, იყო თუ არა რაიმე კანონდარღვევა.

"პროცესი ასევე გაგრძელდება პარლამენტში საგამოძიებო კომისიით, იმ კომისიით, რომელმაც უნდა შეისწავლოს და საჯარო განხილვები მოაწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს მივიღებთ ამ ყველასთვის საჭირბოროტო საკითხზე", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

როგორ შეიძლება შემცირდეს ფასები სურსათზე - ხელისუფლება სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტების ქსელებთან მუშაობას იწყებს. განიხილება ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენება. მთავრობის ახალ გეგმაზე პრემიერმა ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა. ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ბევრად მეტია, ვიდრე ევროპაში. მაღალია ფასნამატი და როგორც ქსელური მარკეტების, ასევე, დისტრიბუტორი კომპანიების მოგებაც. მთავარ ამოცანად ფასების შემცირება დასახელდა. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებების საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა, პრემიერმა მიმართა პარლამენტსაც, შეიქმნას სპეციალური კომისია.

დღის ამბები