თბილისისთვის ბრიუსელთან ურთიერთობა ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. ეს იმ ფონზე, როდესაც პრობლემები თავად ევროკავშირს აქვს. რა გზა გამოიარა საქართველომ 2022-დან 2025 წლამდე? - ხელისუფლების საგარეო გამოწვევები პრემიერ-მინისტრმა "ღამის კურიერში" შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ კრიზისზე, რომლის წინაშეც დღეს ევროგაერთიანება დგას. თქვა, რომ ბიუროკრატების უსამართლო დამოკიდებულების გამოხატულებაა ვიზალიბერალიზაციის საკითხით სპეკულირებაც და თავის დროზე, საქართველოსთვის ნათქვამი უარიც კანდიდატის სტატუსზე. პრემიერმა განმარტა, რომ ამის მიუხედავად, ევროინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციურ ამოცანად რჩება და ეს არ გადაიხედება, რადგან ხელისუფლება ევროკავშირისგან მკაფიოდ მიჯნავს ევრობიუროკრატიას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ასე უპირისპირდება სიმართლეს დღეს ბრიუსელის მოქმედი ხელმძღვანელობა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გეოსტრატეგიულ ტურბულენტობაში, სადაც ქვეყნებს სუვერენიტეტის პრობლემა შეექმნათ, საქართველო საკუთარი პროქართული პოლიტიკით გადარჩა. ევროკავშირი კი ევროპულ ღირებულებებს ასცდა, რაც სპიკერის განცხადებით, ევროკომისიის ბოლო ანგარიშითაც დასტურდება.
ოპოზიციისთვის ევროკავშირთან ურთიერთობაში დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის საპასუხოდ, ბრიუსელის მხრიდან სანქციების გამოყენება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც, გამართლებულია.
მმართველი პარტიისთვის ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ბოლო ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებასაც ევრობიუროკრატები მოსალოდნელი კონტრპროდუქტიული შედეგის გამო ერიდებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბრიუსელის კრიზისზე ალაპარაკებული ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაც მიუთითებს, რამდენად იცვლება გეოპოლიტიკური გარემო, სადაც საქართველო პრაგმატულ მიდგომას ირჩევს.
2026 წელი რომ გლობალური ცვლილებების წელი იქნება, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ინარჩუნებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო პარტნიორობას ცდილობს ყველასთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პრინციპები. ბრიუსელისგან სამართლიანი დამოკიდებულების მოლოდინში ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვისაც.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, საქართველოსთვის წითელ ხაზად რჩება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რაც ოკუპაციას უკავშირდება.