10 აგვისტო 2026,   23:14
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ვებ-გვერდის ჟურნალისტი ეკა გიგაურს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაში ადანაშაულებს - რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან

"რუსთავი 2-ის" ვებ-გვერდის ჟურნალისტი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაში ეკა გიგაურს ადანაშაულებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა, Facebook გვერდზე თეონა გუდაბანძესთან პირადი მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა, მობილურის ნომერი კი არასრულყოფილად დაფარა. გიგაურის Facebook სტატუსს მალევე სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ბულინგი და შეურაცხყოფა მოჰყვა. პირადი ინფორმაციის საჯარო სივრციდან წაშლის თხოვნის მიუხედავად, ფოტოები ეკა გიგაურის Facebook-ზე დღემდე დევს. ფაქტზე რეაგირების მიზნით, "რუსთავი 2-მა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა, საქმის განსახილველად უწყებას 2-თვიანი ვადა არ ეყო, ამიტომ განცხადების განხილვა კიდევ ერთი თვით გადადო.

რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება და რატომ ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი - კითხვები ჟურნალისტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქვს. ადრესატისგან პასუხების მიღება ვცადეთ, თუმცა თავდაპირველად უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, მოგვიანებით კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა წერილობით გვიპასუხა.

პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებული კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, თუმცა სიაში "რუსთავი 2-ის" ვებ-გვერდის ჟურნალისტის განცხადება ვერ მოხვდა.

"კურიერის" კითხვები დღეს უპასუხოდ დატოვა ეკა გიგაურმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" ხელმძღვანელი არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები