31 ივლისი 2026,   22:30
ვრცლად
ბულინგი ჟურნალისტური საქმიანობისთვის - ეკა გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ბულინგის დასადგენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ორთვიანი ვადა არ ეყო და წარმოების განხილვა გადადო

ეკა გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ბულინგის დასადგენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ორთვიანი ვადა არ ეყო და წარმოების განხილვა 9 იანვრამდე გადადო. ბულინგისთვის მიზეზი ეკა გიგაურისთვის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის მიერ "რუსთავი 2-ის" გამოკითხვა და გამოქვეყნებული სტატია გახლდათ სახელწოდებით: "აპირებენ თუ არა ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილეობას".

ეკა გიგაურმა ჟურნალისტის "ვოცაფის" ფოტო და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, რომელიც დაფარა, თუმცა მისი ამოცნობა ნებისმიერ პირს შეეძლო. უწყებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებაზე რეაგირების მოხდენა ევალება, "რუსთავი 2-მა" სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, 6 ოქტომბერს მიმართა. საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ გამოქვეყნებულა.

"იმდენად მარტივი დასადგენია ეს ყველაფერი, რომ, ცხადია, რაიმე კონკრეტული მიზნის ან მიზეზის გარეშე ამის ასე გადადება არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა მომხდარიყო, წესით და რიგით. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვინაიდან მეორე მხარეს წარმოადგენს ეკა გიგაური, ვფიქრობ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ აქვს სურვილი, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება... თუ სამართლიანი იქნება ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად, ის უნდა იყოს ჩვენი ჟურნალისტის სასარგებლოდ.

ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც აუცილებლად უნდა მომხდარიყო პრეცედენტული გადაწყვეტილებების სიაში და ამის არაერთი ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში - ბულინგი ჟურნალისტური საქმიანობისთვის. ეს ბულინგი განხორციელდა ადამიანის მხრიდან, რომელიც თავს მოიხსენიებს უფლებადამცველად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ მიწერა ეკა გიგაურს და სთხოვა, რომ აეღო ეს სქრინი, რადგან იქ მისი ტელეფონის ნომერი ჩანდა, ამას არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება. დღესაც, თუ შეხვალთ მის "ფეისბუკზე", ისევ დევს ეს ყველაფერი", - აცხადებს "რუსთავი 2-ის" ვებგვერდის ხელმძღვანელი თამუნა ლეფსვერიძე.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები