დღეს თბილისში ოფიციალურად დაიწყო ახალი ცათამბჯენების ეპოქა - რეკორდული ფართობით, უზარმაზარი ინვესტიციით და დონალდ ტრამპის სახელით. თბილისის "ტრამპ თაუერი" იქნება რეგიონის ახალი ყველაზე მაღალი არქიტექტურული მწვერვალიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილმა და ტრამპის ბიზნეს-იმპერიის მმართველმა, დღეს "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ ფაქტს უკვე უწოდა ახალი თავი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. სწორედ ერიკ ტრამპია პასუხისმგებელი კომპანიის გლობალური უძრავ ქონების მართვასა და გაფართოებაზე.
უმაღლესი კლასის სასტუმროები, გოლფის კლუბები, საცხოვრებელი ცათამბჯენები, კრიპტოვალუტის ბიზნესი - დონალდ ტრამპის კონგლომერატის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დღეს ვრცლად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია და ამ ფაქტს გონივრული პოლიტიკის შედეგი უწოდა. თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხო ქვეყანა უდიდესი პოტენციალით, ზღვით და სხვა სავაჭრო მარშრუტებით. მსოფლიოს უაღრესად საინტერესო ნაწილი და ქვეყანა, რომელიც რეალურად არის გზაჯვარედინი ევროპას, აზიას, რუსეთსა და თურქეთს შორის.
რეზო ჭიჭინაძის ინტერვიუ ერიკ ტრამპთან:
"2 000-იანი წლებიდან, შესაძლოა უფრო ადრეც კი, საქართველომ აქტიურად დაიწყო დასავლური ტრადიციების, დასავლური ცხოვრების წესისა და პოლიტიკური მოდელის მიღება.
ვხედავთ, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ქცევას.
საქართველო ასევე აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ პატარა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გაქვთ - ეს ძალიან საინტერესოა. ამას ხშირად ვერ ნახავთ.
ქვეყნების უმრავლესობა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი სწრაფად იზრდება, დიდი შრომითი რესურსით გამოირჩევა.
საქართველო კი ამ თვალსაზრისით რეალურად არ არის დიდი ქვეყანა. ამ სხვაობას უბრალოდ ძალიან გონივრული პოლიტიკით ავსებთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ადამიანებს მშვიდად ჩამოსვლა და გადაადგილება შეუძლიათ.
საქართველომ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა და ამისთვის ნამდვილად შექებას იმსახურებს.
ეს მსოფლიოს ძალიან საინტერესო ნაწილია და თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით. საქართველო რეალურად არის გზაჯვარედინი ევროპასა და აზიას, რუსეთსა და თურქეთს შორის. აქ გადის სავაჭრო მარშრუტები, შავი ზღვის მიმართულებით.
ეს მსოფლიოში მართლაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ვფიქრობ, სათანადოდ უნდა შევაფასოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მიაღწია.
ძალიან ცოტა სახელმწიფოს აქვს ისეთი ზრდა, როგორიც საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა.
2024 წელს თითქმის 10 პროცენტი, 2025 წელს კი 8 პროცენტამდე. ეს მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ვფიქრობ, ამისთვის საქართველოს ხალხი დაფასებას იმსახურებს.
- ეს პროექტი მართლაც უმნიშვნელოვანესია და შესაძლოა, ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისიც იყოს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ვფიქრობ, ბოლო 20 წლის განმავლობაში უკვე თვალსაჩინოა ურთიერთობების ახალი დინამიკა. საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა დიდი ხანია ვითარდება. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს დასავლური მიმართულებით სვლას, იქნება ეს ნატოსკენ სწრაფვა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რისი დასტურიცაა ისიც თუ როგორ მიიღო საქართველომ დასავლური ცხოვრების წესი.
ამავე პერიოდში საქართველო მრავალი თვალსაზრისით დაშორდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას.
ეს ყველაფერი უკვე აისახა ქვეყნის კაპიტალის ბაზრებსა და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორშიც, ეს უკვე თვალსაჩინოდ ჩანს.
- როდის გიხილავთ თბილისში?
- ძალიან, ძალიან მალე. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას აუცილებლად დავესწრები. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგაც ხშირად ჩამოვალ თბილისში, ეს ძალიან მახარებს,"- განაცხადა ერიკ ტრამპმა.
ერიკ ტრამპთან რეზო ჭიჭინაძის ვრცელ ინტერვიუს, კვირას, კურიერი კურიერი • P.S-ში იხილავთ.