15 სექტემბერი 2026,   23:45
ვრცლად
4 კილოგრამამდე კანაფი და 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონი - აჭარის პოლიციამ უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

ნაქირავებ ბინაში თურქეთის მოქალაქემ სათბური მოაწყო, სადაც მცენარე კანაფი მოჰყავდა. უახლოეს დღეებში კი ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა მეთოდით გავრცელებას აპირებდა. გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრო. მასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ, ხელბორკილები დაადეს და ნივთმტკიცების სახით 4 კილოგრამამდე მცენარე კანაფი ამოიღეს.

კონსპირაციული ბინა, "კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გარდა, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებიც მოიპოვეს.

ქიმიური ხსნარები და მომწამვლელი ნივთიერებები - ყველა საშუალება, რომელიც მცენარე კანაფის კულტივირებას სჭირდება, მტკიცებულების სახით არის ამოღებული.

აჭარის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან თურქმენეთის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა შავი ფერის ავტომობილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გააჩერეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე ჩატარებული ჰქონდათ ოპერატიული და კომპლექსური ღონისძიებები. იცოდნენ, რომ ორივე მათგანი ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული და ე.წ. მკვლელი ნარკოტიკის გავრცელებას გეგმავდნენ.

მანქანის სამალავიდან 25 შეკვრა დაფასოებული მეფედრონია ამოღებული.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქეც დააკავეს.

აღკვეთილია მეფედრონის, ჰაშიშისა და მცენარე კანაფის გავრცელების არაერთი ფაქტი.

აჭარის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დროს ნარკოტიკების გარდა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებების სახით, ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და ის მოწყობილობები ამოიღეს, რომლებიც დაფასოებისთვისაა საჭირო.

 

დღის ამბები