სკოლის ზარი დღეს 45 000 პირველკლასელისთვის პირველად დაირეკა. ზოგიერთი მოზარდისთვის ეს დღე ნაცნობ მერხებთან და გარემოსთან დაბრუნებაა, ზოგიერთისთვის კი სრულიად ახალი ცხოვრების თავგადასავლის დასაწყისია. ყველა საჯარო სკოლაში დილიდან ბავშვების ჟრიამული ისმის. ნაცნობი ხმაური ყველა დერეფანსა თუ საკლასო ოთახში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლის ათვლა დაწყებულია.
განახლებული გარემო, ახალი შესაძლებლობები და განათლების ხარისხზე ორიენტირებული პროექტები - ამ სიახლეებით დახვდა ყველა სასწავლო დაწესებულება მოზარდებს. თუმცა წლის მთავარი სიახლე სასკოლო ფორმებია. სამოსი, რომელიც ყველა პირველკლასელმა უკვე მოირგო და მათი ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ნაწილად იქცა.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა. მოსწავლეები სხვადასხვა საგანში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სკოლების რეაბილიტაციაა. 30-მდე საჯარო სკოლაში სწავლა წელს განახლებულ გარემოში დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი 76-ე საჯარო სკოლაა. შენობა 900 მოსწავლეზე გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სისტემებითა და ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლის დაწყება მოზარდებს განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მიულოცეს.
ახალი სასწავლო წელი მხოლოდ სკოლებში არ დაწყებულა. საბავშვო ბაღის კარი პატარა აღსაზრდელებისთვისაც გაიღო. განახლებული ინტერიერი, მოწესრიგებული შიდა და გარე სივრცეები დახვდათ 107-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.
მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე და მიხეილ ყაველაშვილი მოსწავლეებს ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ.