საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც Euronews-ის ორგანიზებით გაიმართება.
სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის.
იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტ უნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია. სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ალბანეთის, სომხეთის, ხორვატიის, მოლდოვის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.
სამიტი გახსნა Euronews-ის დირექტორმა, პედრო ვარგას დავიდმა, რომელმაც საკუთარ სიტყვაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, ახსენა სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა - საქართველო და სომხეთი.
"ევროპა ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს სულ უფრო მეტი ქვეყანა გამოთქვამს. ომმა ევროპის კონტინენტი მოიცვა. მეორე მხრივ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩებში გამოდის.
ამ ვითარებაში უნდა დავსვათ კითხვა: არის თუ არა გაფართოება რეალური პრიორიტეტი? ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ? სამართლიანები ვართ ჩვენი საზოგადოებებისა და კანდიდატი ქვეყნების მიმართ? ვიმსახურებთ და ვინარჩუნებთ თუ არა კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეების ნდობასა და მხარდაჭერას? კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ალბანეთია, სადაც ევროკავშირში გაწევრიანებას 92%-ზე მეტი უჭერს მხარს. მეორე ადგილზე საქართველოა, 71%-იანი მხარდაჭერით. მას მოსდევს უკრაინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა. ალბანეთისა და საქართველოს შემთხვევაში, ვითარება ნათელია. თუმცა, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ხომ არ არის ეს მაჩვენებლები მეტისმეტად დაბალი?
დღეს ჩვენ სამხრეთ კავკასიის ორ სტუმარს ვმასპინძლობთ - საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს. ეს ორი ქვეყანაა, რომლებმაც ბოლო წლებში მშპ-ის შთამბეჭდავი ზრდა აჩვენეს. მათი მოსახლეობა კი კულტურით, ტრადიციებითა და გეოგრაფიით ევროპას უკავშირდება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი ხმა. აქ, ბრიუსელში, უნდა გავიგოთ მათი გეგმები და მოვამზადოთ ევროპული პასუხი. მათთან დიალოგზე უარის თქმა გამოსავალი არ არის - არც ჩვენი ერთიანობისთვის და არც ჩვენი ინტერესებისთვის", - აცხადებს პედრო ვარგას დავიდი.