პარლამენტმა პირველი მოსმენით "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს, დეპუტატებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. თუ დამსაქმებელი თანამშრომლის საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე სრულად დაფარავს, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერება. შეღავათით ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებსაც ფულადი სანქციები 2025 წლის 1 მაისის შემდეგ დაეკისრათ. ინიციატივა 13 ათასზე მეტ დამსაქმებელს შეეხება, ჩამოსაწერი ჯარიმების საერთო მოცულობა კი 43 მილიონი ლარია.
ახალი საკანონმდებლო პაკეტით, საპენსიო დავალიანების 18 თვემდე განაწილება გახდება შესაძლებელი. ხოლო, მოქმედი 500 და 1000 ლარიანი ჯარიმები 300 ლარამდე შემცირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საპენსიო ფონდში დავების განხილვის დამოუკიდებელი სამსახურის შექმნაა. დარღვევების გამოსასწორებლად დამსაქმებელს 10 სამუშაო დღე ექნება, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში კი აღსრულების პროცესი შეჩერდება.
ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც, სადაც ამბობენ რომ ეს მოქალაქეების პირდაპირი მოთხოვნაა. ცვლილებების პაკეტს სრული მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდისგანაც. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ რომ მიზანი დასაქმებულების უფლებების დაცვა და ბიზნესის ხელშეწყობაა.
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილები დაჩქარებული წესით განიხილება. საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე