სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს. ბორაშვილმა ვრცლად ისაუბრა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათში უყრიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა. სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა მედიას ორი დღის წინ წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის, თამაზ ბორაშვილის განცხადებით, უწყების მთავარ პრიორიტეტებად საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება, ჰიბრიდული ომისა და დესტაბილიზაციის მცდელობების პრევენცია, ასევე კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა რჩება.
მისი თქმით, სუს-ი გააგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე უკანონო პროცესებზე, მათ შორის ბორდერიზაციასა და უკანონო დაკავებებზე რეაგირებას, ასევე გააძლიერებს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას.
"მსურს. მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა, მას დაცვა სჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები. ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარება მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებშიც, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.
ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.
ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის მიზნით.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და, დღემდე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ლიდერია შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად ამისა, კორუფცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეროვნულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება, ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი.