რა შეიძლება დაკარგონ ომში ჩართულმა ქვეყნებმა და რას მოელის სანაცვლოდ ორივე მხარე? მოლაპარაკებებში მთავარი მედიატორი, ახლა ამ საკითხის გარკვევას ცდილობს. სამშვიდობო გეგმის პუნქტები მოლაპარაკებების მაგიდაზეა, თუმცა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, როგორც ჩანს მხარეებს მაგიდასთან დასხდომა კიდებ ბევრჯერ მოუწევთ. მოლაპარაკების მორიგი რაუნდისთვის მაიამიში უკვე გაემგზავრა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი. სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად შეხვდება თუ არა ის მარკო რუბიოსაც, ჯერ უცნობია, თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ღიად ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შეერთებული შტატების ომი არ არის და სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ დათმობების ხარჯზე მიიღწევა.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებებისთვის უკვე უმასპინძლა უკრაინის წარმომადგენლებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ ამერიკაში შეხვედრები გამართა და შედეგები პრეზიდენტ ზელენსკის უკვე აცნობა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, მოცემულობა ბევრჯერ შეიცვალა. რუსეთის მოთხოვნის შესრულება და დონბასის დათმობა, ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არსებობს. განიხილება კომპრომისული ვარიანტიც - დონბასის დათმობა და უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რაც ამერიკული სამშვიდობო გეგმის ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვან წინსვლად შეფასდა ზელენსკის თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ვლადიმერ პუტინმა, როდესაც თქვა, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის სიღრმეში დარტყმებისაგან თავს შეიკავებს.
რუსეთის პრეზიდენტს ზელენსკიმ პოლონეთიდან უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას და მთავრობის მეთაურს შეხვდა. უკრაინის მისამართით ევროპის მხარდაჭერის გაძლიერებაზე საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს დათანხმდება პოტენციური არჩევნები რუსეთის ლიდერმა გააკონტროლოს. თუმცა, პოლონეთში ზელენსკიმ ისიც აღიარა, რომ დახმარების გარეშე უკრაინა რუსულ სარაკეტო სისტემას დრონებით ვერ დაუპირისპირდება.
უკრაინის ევროპელი პარტნიორები კი ფულის შეგროვებას ცდილობენ. პარასკევს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილ 90 მილიარდ ევროს მოიზიდავენ. თუმცა ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ უერთდებიან ბლოკის დანარჩენ 24 ქვეყანას, ვალის გაზიარებაში. შეთანხმების შედეგად უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი უკრაინას ომისგან მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. გადაწყვეტილებას უნგრეთის პრემიერი აკრიტიკებს. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ევროპას ომის გაგრძელება სურს.
თავდაპირველად, რუსული აქტივების გაყინვის გეგმა არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ეს ჩანაფიქრი ჩავარდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, ბრიუსელის გადაწყვეტილებით, უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მიიღებს.