09 აგვისტო 2026,   18:12
ვრცლად
ქალაქებსა და სოფლებში, წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს - ხვალიდან, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საახალწლო კონცერტები იწყება

ვიდრე კალენდარი წლის ბოლო დღეებს ითვლის და ქვეყანა სადღესასწაულო ფერხულში ებმება, დათოვლილი მთებიდან შავი ზღვის სანაპირომდე, ქალაქებსა და სოფლებში, წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.

ხვალიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონცერტების სერია დაიწყება. ნაძვის ხის ანთების პროცესი, რეგიონებში უკვე დაწყებულია. დღეს, საახალწლო ნაძვის ხე გორსა და წყალტუბოშიც განათდა.

ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით იმართება. ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას კულტურის სფეროში მოღვაწე, ყველასთვის ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ. მათ შორის, მაყურებლის წინაშე მუსიკალური ანსამბლები, ბენდები და შემოქმედებითი კოლექტივები წარდგებიან.

პროგრამა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს და ყველა ასაკის მსმენელზეა გათვლილი. ხელოვანების თქმით, მათი მთავარი მიზანი რეგიონებში საახალწლო განწყობის შექმნაა.

ძირითად მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, საბავშვო აქტივობები და ზღაპრის გმირების წარმოდგენები ჩატარდება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. პატარა სტუმრებს კი თოვლის ბაბუა სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

სადღესასწაულო კონცერტების სერია ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და წეროვანში ხვალიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ღამეს, დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები