ბრიუსელი, ევროკავშირის საბჭო, 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებს ევროკომისიამ მაგიდასთან უკრაინის დაფინანსების ორი წინადადება წარუდგინა. 16 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ პარტნიორებმა კიევის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე უარი განაცხადეს.
უთანხმოების საგანი გახდა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის სქემაც. 27-დან 24-მა ქვეყანამ კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საერთო ვალის აღებაზე უარი განაცხადა. სამიტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ბუდაპეშტი, პრაღა და ბრატისლავა საერთო ბიუჯეტიდან გაცემულ სესხზე პასუხისმგებლობას არ გაიზიარებენ.
უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას უკრაინის პრეზიდენტი ცდილობდა. სამიტის დახურული ნაწილის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ევროკავშირი მხარდაჭერის წყაროებს ვერ იპოვის, შესაძლოა უკრაინამ ომის წარმოება ვეღარ შეძლოს.
უკრაინის პრეზიდენტის არგუმენტი არადამაჯერებელი აღმოჩნდა ბელგიის პრემიერ-მინისტრისთვის. "ფაინენშენალ თაიმსის" მონაცემებით, სწორედ ამ ქვეყნის ბანკებში ინახება სანქცირებული რუსული ფულის უდიდესი ნაწილი, 192 მილიარდი ევრო. მედიას, კონფიდენციალურმა წყაროებმა უთხრეს, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას ბარტ დე ვევერმა პარტნიორებისგან ნებისმიერი ფინანსური რისკის დაზღვევა მოითხოვა, რისთვისაც ლიდერები მზად არ აღმოჩნდნენ.
სამიტის შედეგები შეაჯამა "პოლიტიკომ". გამოცემა წერს, რომ ევროპის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ სურს უკრაინის გადასარჩენად საფასურის გადახდა და სახელმწიფოები ამ მიზნისთვის სხვის ფულს ეძებენ.
სქემას ეწინააღმდეგება ოფიციალური ვაშინგტონიც. "თაიმსის" ცნობით, ამერიკამ ევროპელი მოკავშირეები უკვე გააფრთხილა, რომ თუ რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევას გადაწყვეტენ, იძულებული გახდებიან ფული სრულად დააბრუნონ. მედია, წერს, რომ ვაშინგტონი კონფისკაციას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაბრკოლებად მიიჩნევს.
ევროპაში შენახული რუსული ფულის გამოყენების მცდელობას ოფიციალური მოსკოვი ქურდობას უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის აქტივების დაცვას სასამართლოში გეგმავს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროკავშირი კრემლის აქტივების ჩამორთმევაზე უარს ამბობს, რუსეთში ევროპული კომპანიების კუთვნილი ინვესტიციებია. მედიის მონაცემებით, ქვეყანაში ევროპული კომპანიების კაპიტალი 300 მილიარდ ევროს აღემატება. მიღებული კანონმდებლობა კი საშუალებას იძლევა "არამეგობრული ქვეყნების" კომპანიების კუთვნილ ქონებას სახელმწიფო პრივატიზაციის გზით დაეუფლოს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.