04 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში, 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა - ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია

ბოლქვაძეების ექვს სულიან ოჯახს დიდი ხნის ოცნება აუხდა, დღეიდან ისინი ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში, ახალ აშენებულ კორპუსში იცხოვრებენ.

მრავალსულიანი ოჯახი 6 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა, მათი მშობლიური სახლი ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ წინსვლაში, მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. ბოლქვაძეების ოჯახს ოთხ ოთახიანი სახლის გასაღები აჭარის მთავრობის მეთაურმა და ხელვაჩაურის მერმა პირადად გადასცეს.

ამ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული 400-ზე მეტი ეკომიგრანტი იცხოვრებს. ახალ წელს, სრულად უზრუნველყოფილ სახლში შეხვდება ფაღავების ოჯახიც.

ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები დღეს გადაეცა. საცხოვრებელი ფართები კეთილმოწყობილია თანამედროვე ტიპის გათბობისა და წყლის გამაცხელებელი სისტემებით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სოციალური პროექტი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

ეკომიგრანტი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ეს უკვე რიგით მეხუთე სოციალური სახლია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელში აშენდა. აჭარის რეგიონში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემა 2026 წელსაც გაგრძელდება, უახლოეს მომავალში, ბინებით 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები