შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალმა კონცეფციამ მმართველი გუნდისთვის ნატოში ინტეგრირების პერსპექტივა უფრო ბუნდოვანი გახადა. საუბარია დოქტრინაზე, რომლის მიხედვითაც შტატები ატლანტიკური ალიანსის სამომავლო გაფართოებას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს. მთავრობის მეთაურის აზრით, ე.წ. ღია კარის პოლიტიკა ორგანიზაციის ასპირანტი ქვეყნებისთვის წლებია ბუნდოვანებას იწვევს. კობახიძის თქმით, ამ პროცესში უკრაინამ და საქართველომ 3 ომი უკვე გამოიარა. თუმცა, ქვეყანა მაინც მზადაა მსოფლიოს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებას, ეროვნული ინტერესების შესაბამისად დააკვირდეს და იმოქმედოს.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი გაიხსენეს, დღეს, საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, საქართველოსა და ატლანტიკურ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანი იყო. თუმცა, წლების განმავლობაში ე.წ. ღია კარში არ შეშვების პრინციპმა ქვეყანას შესაძლოა უსაფრთხოების ახალი გამოწვევები გაუჩინოს.
ნატოს გაფართოების პერსპექტივა, რომ არსებული მდგომარეობით ბუნდოვანია - ამაზე ღიად საუბარი ოპოზიციაში არ სურთ. შტატების მთავრობის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, ისევ ამტკიცებენ, რომ ალიანსი ეროვნული თავდაცვის გაძლიერების ერთადერთი შესაძლებლობაა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ნატოსთან ერთად საქართველოს ინტერესებისა და უსაფრთხოების სტრატეგიის მიზნების მიღწევას ყველა შესაძლო გზით განიხილავენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის ამ გზით, აღდგენა მათთვის მთავარი ორიენტირია.
ნატომ ე.წ. ღია კარის პოლიტიკა ასპირანტი ქვეყნებისთვის, ჯერ კიდევ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადა. 17 წლის შემდეგ შტატების უსაფრთხოების ახალი დოქტრინა არ გამორიცხავს, რომ ატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოება საერთოდ შეწყდეს.