სიტყვები, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს BBC-იმ დაამონტაჟა, რაც ბრიტანულ მაუწყებელს შესაძლოა რეპუტაციულ ზიანთან ერთად, 10 მილიარდი დოლარიც დაუჯდეს. საქმე ეხება კაპიტოლიუმის თავდასხმის საქმეზე არხის მომზადებულ ფილმს, რომელშიც დონალდ ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთიან კონტექსტში იყო გავრცელებული. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სიტყვებს ერთმანეთისგან 50 წუთი და სხვადასხვა შინაარსი აშორებდა. გამოსვლის დასაწყისში ის სენატორებსა და კონგრესმენებს მიმართავდა, მონტაჟის შედეგად კი მაყურებელს რჩებოდა აღქმა, რომ ტრამპი მომიტინგეებს არეულობისკენ მოუწოდებდა.
ტრამპის მეორე შანსი - ამ სახელწოდების ფილმი BBC-იმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე გაავრცელა, რაც სარჩელში არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეფასდა. დონალდ ტრამპმა საკუთარი ნათქვამის განზრახ დამახინჯებისთვის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს უკვე მიმართა. ის არხს ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და თითოეული ბრალდებისთვის 5-5 მილიარდის ანაზღაურებას ითხოვს.
ყალბი ამბის გავრცელებისთვის BBC-ის უჩივის "ქართული ოცნებაც". საუბარია ე.წ. საგამოძიებო ფილმზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ქიმიური იარაღის "კამიტის" გამოყენებაში ადანაშაულებს. მძიმე ბრალდებას კი ფაქტების ნაცვლად, მხოლოდ ვარაუდები ამყარებს. მმართველი პარტიის სარჩელზე ახლა იურისტები მუშაობენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრიტანეთის მაუწყებელი სავარაუდოდ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობს, რასაც ტრამპის საჩივარიც ადასტურებს.
ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილისთვის BBC ტრამპის შემთხვევაში ტყუის, საქართველოსთან დაკავშირებულ სიუჟეტში კი - არა. მეორე ნაწილი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირებს, თუმცა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტის სარჩელთან მიმართებაში.
BBC-იმ უკვე აღიარა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ნათქვამი დაარედაქტირა. არხმა ბოდიში საჯაროდ, წერილობითი ფორმით მოიხადა, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარი განაცხადა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელს ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოსთანაც, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენება დააბრალა - ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე..
სიცრუის გავრცელება გარკვეული ინტერესების სანაცვლოდ - სახელისუფლებო გუნდის თქმით, ტრამპის სარჩელი ადასტურებს, რომ BBC-ის მხრიდან ტენდენციად ქცეული ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ შეხებია..
ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან დაწყებულ სასამართლო დავას ბრიტანეთის მაუწყებელი არ გამოხმაურებია. მანამდე კი, ოფიციალურ განცხადებაში BBC-იმ ტრამპის მიმართ ცილისწამების ბრალდება უარყო. ამის მიუხედავად თანამდებობის დატოვება მოუხდათ არხის გენერალური დირექტორს, და ახალი ამბების აღმასრულებელ ხელმძღვანელს. ტრამპი ფიქრობს, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.