12 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
"დიფ სთეითი" და მისი რებრენდინგის მცდელობა - ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა მორიგი ვრცელი წერილი გაავრცელა

ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, მორიგი ვრცელი წერილი, კვლავ ე.წ. დიფ სთეითისა და მისი რებრენდინგის მცდელობას მიუძღვნა. გამოქვეყნებულ ტექსტში, შათირიშვილი ვრცლად საუბრობს შტატებში 10 ოლიგარქიული ოჯახის იმ უხილავ გავლენებსა და პოლიტიკურ მისწრაფებებზე, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მხოლოდ იმიჯი შეიცვალა. ფილოსოფოსის მტკიცებით, "ბლექროკი" და "ვანგარდი" ის კორპორაციებია, რომლებსაც ათეულობით ტრილიონი კაპიტალი გააჩნიათ და მსოფლიო პოლიტიკაში პროცესებს საკუთარი ინტერესებისამებრ განკარგავენ. სწორედ "ბლექროკის" მმართველი დირექტორის გამოჩენა, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შექმნილ მოლაპარაკებების მაგიდაზე, ფილოსოფოსისთვის ამის ნათელი დასტურია.

"ბლექროკის" მონაწილეობა ევროპის ახალი არქიტექტურის შექმნაში, შათირიშვილის აზრით, ე.წ. დიფ სთეითის გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ სამომავლოდ ოლიგარქიული ოჯახები ევროპის კონტინენტზე ახალი მმართველობის სტილის გატესტვას გეგმავენ. საუბარია კორპორაციულ მმართველობაზე, რომელმაც წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა ჩაანაცვლოს. მიზნის მისაღწევად, შათირიშვილის თქმით, ევროკავშირის არსებული სახით დემონტაჟი უნდა მოხდეს.

შათირიშვილის ნააზრევს არარელევანტურად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამტკიცებენ, რომ "დიფ სთეითი" არ არსებობს. ტრამპის მიერ ნახსენები უხილავი გავლენები კი შტატებში არსებულ ბიუროკრატიას უკავშირდება.

"დიფ სთეითის" გავლენებზე მმართველი ძალა წლებია საუბრობს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამერიკის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არ ერევიან. სახელისუფლებო გუნდში შტატებს მსოფლიოში დემოკრატიის მთავარ გამავრცელებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილის შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას მიესალმებიან.

ზაზა შათირიშვილი ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზე წერილებს პერმანენტულად ავრცელებს. ფილოსოფოსი დარწმუნებულია, რომ ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება ქვეყნის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

დღის ამბები