"ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა, - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია", უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ," - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს "ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.
ლევან მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ მასალაში არის კადრები და ინტერვიუები, საუბარია რუსეთთან კავშირებზე, მათ შორის ბიზნესის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
მმართველ გუნდში, 8 აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ქმედებებს იხსენებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს საკუთარი ხელით გაფუჭებული საქმეები საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალოს.
“ომი დასრულებული არ იყო, რომ ვნახეთ როგორ მიჰყიდა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთს პრაქტიკულად ყველა მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილი ღვინის ბოთლით ხელში როგორ ეპატიჟებოდა საქართველოში რუს ტურისტებს, ჩვენ გვახსოვს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საუბრები იმაზე, რომ ფულს თურმე სუნი არ ასდის და რაც ყველაზე მთავარია, გვახსოვს ის საქმე, სამწუხარო რეალობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქართველოს დაუყენა მაშინ, როდესაც ყველა პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია განეხორციელებინა რუსეთს და დღეს, როდესაც საქართველო ინარჩუნებს მშვიდობის კუნძულის სტატუსს, საკუთარი ხელით გაფუჭებულ საქმეებს ცდილობენ გადმოაბრალონ და თითი გაიშვირონ ხელისუფლებისკენ, არადა ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს იმის თითქოს საქართველო რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდეს.
ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება, დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის, თითქოს სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო შავ ხვრელად გამოიყენებოდა და ეს ცრუპენტელობა და ცილისწამება ბუნებრივია გაიფანტა მაშინ, როდესაც მადლობის წერილები მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ იმ პირებისგან ევროკავშირის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საკითხის მონიტორინგზე“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.