18 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
"BBC საშინლად იქცეოდა - ისეთ რაღაცებს ​​ავრცელებდნენ, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ყველაფერს უკუღმა ამბობდნენ" - ლუსი კონოლი - ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის Youtube-გადაცემის მეორე ეპიზოდის სტუმარი იყო ლუსი კონოლი - ქალი, რომელიც დააკავეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. ის არალეგალურ იმიგრაციას აკრიტიკებდა.

ინტერვიუში კონოლი ამბობს, რომ, დაკავების შემდეგ, ბრიტანული მაუწყებელი - BBC "საშინლად იქცეოდა" და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"BBC, Sky News-ი... ისინი აქტიურად მესხმოდნენ თავს. მათ არ შეეძლოთ, უბრალოდ ეთქვათ "ლუსი კონოლი", აუცილებლად ამბობდნენ "კონსერვატორი საბჭოს წევრის ცოლი, ლუსი კონოლი". ისინი უბრალოდ საშინლად იქცეოდნენ - ისეთ რაღაცებს ​​ავრცელებდნენ, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ყველაფერს უკუღმა ამბობდნენ. დიახ, BBC-მ ჩემი ვინაობა დაასახელა, როცა, კანონის თანახმად, ეს არ უნდა გაეკეთებინათ. სამშაბათს, 6 აგვისტოს დამაკავეს. პირველივე დღეს, როცა დამაკავეს, გირაოთი გამომიშვეს იმ პირობით, რომ სოციალურ მედიაში არ გამომექვეყნებინა პოსტები, რაც მე არ დამირღვევია. პოლიციის დოკუმენტებში წერია, რომ ბრალდების წაყენების საფუძველი არ არსებობდა და გირაოთი გამომიშვეს. მოხდა ისე, რომ როდესაც პოლიციამ განცხადება გამოაქვეყნა, ჩემი სახელი არ გაავრცელა. განაცხადეს, რომ 41 წლის ქალი დააკავეს და გაათავისუფლეს. BBC-მ კი ჩემი ვინაობა დაასახელა. ასე რომ, იმავე დღეს, როდესაც დამაკავეს და გირაოთი გამიშვეს ბრალდების გარეშე, BBC-მ ჩემი ვინაობა გაავრცელა. და ეს არის ჩემი არგუმენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში", - ამბობს ლუსი კონოლი.

ქალი ხაზს უსვამს, რომ მომხდარის მიუხედავად, არ აპირებს, უკანონო იმიგრაციის შესახებ მოსაზრება შეიცვალოს.

"მე არ უარვყოფ ჩემს შეხედულებებს არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს უსაფრთხოა. ჩვენ ღია საზღვრები გვაქვს, ხალხი ყველა ქვეყნიდან ჩამოდის. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მიზნით არიან აქ", - აცხადებს კონოლი.

ინტერვიუს მსვლელობისას, ლიზ ტრასმა ქალს სასამართლო დავაში გამარჯვება უსურვა და პარალელი გაავლო აშშ-ის პრეზიდენტის საქმესთან. "იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი გაიმარჯვებს BBC-ის წინააღმდეგ საქმეში", - ამბობს ტრასი. 

 

დღის ამბები