17 აგვისტო 2026,   08:51
ვრცლად
საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში - ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე მსმენელის წინაშე უკვე წარსდგა

საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში - ქვეყანა, უკვე მეორედ საბავშვო ევროვიზიის მასპინძელია. ფინალური შოუ დაიწყო, გამარჯვებისთვის კი 18 ქვეყანა იბრძვის. საქართველოს საერთაშორისო სცენაზე ანიტა აბგარიანი წარადგენს. ის მსმენელის წინაშე მე-15 ნომრად უკვე წარსდგა. 

საბავშვო ევროვიზია 2025, 21 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მას 70 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს. 

შედეგები შოუს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე ოთხგზის გამარჯვებულია და უკვე მეორედ მასპინძლობს კონკურსს. ქვეყანა მუსიკალური კონკურსის მასპინძლობისთვის ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ამბობს, რომ მასში დიდი შრომაა ჩადებული.

"ღელვა არის ძალიან დიდი, იმიტომ, რომ, როდესაც იცი, რომ შენ ქვეყანას 70 მილიონიანი აუდიტორია უყურებს და მთელი მსოფლიო თუ არა, მთელი ევროპა აქეთ არის მოპყრობილი, და როდესაც იცი, რომ ეს ბავშვებს ეხება, საუკეთესო მომავალს, ძალიან რთულია. თუმცა, ძალიან დიდი შრომაა ამაში ჩადებული და ვფიქრობ, უკვე გამარჯვებულია საქართველოც და ყველა ის მონაწილეც, რომელიც 18 ქვეყნიდან აქ შეიკრიბა. რასაც ვუყურებთ, არის უმაღლესი ხარისხი და როგორც გვეუბნებიან, ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზიაა მთელი ამ საბავშვო ევროვიზიის არსებობის მანძილზე. ჩვენ უკვე ოთხჯერ ვართ მოგებულები. იმედს ვიტოვებ, რომ მეხუთედაც ანიტა მოიგებს. 6 000 გულშემატკივარი გუშინ და დღეს ადგილზე ესწრება და მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა და მთელმა სამთავრობო კომისიაში ჩართულმა მხარეებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანა ამ დღემდე ღირსეულად მოსულიყო", - აცხადებს თინათინ რუხაძე. 

კონკურისის შესახებ ისაუბრა საბავშვო ევროვიზია 2025-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ნათია მშვენიერაძემ. 

"ჩვენ მრავალი თვე ვემზადებოდით ამ შოუსთვის. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, იმიტომ, რომ უკვე იმდენად ბევრი მადლობელი ადამიანი გვყავს, იმდენად ბევრი პოზიტიური შექება დავიმსახურეთ, რომ ზუსტად ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენ ეს ადამიანები ძალიან გაგვეხარებინა, გაგვებედნიერებინა, გვეჩვენებინა ჩვენი ქვეყნის კულტურა და ის, რომ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია ჩაატაროს ზუსტად ისეთივე გამართული შოუ, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებში ტარდება," - აცხადებს ნათია მშვენიერაძე.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები