სახელისუფლებო გუნდი ALDE-ს ორმაგი სტანდარტით მოქმედების გამო აკრიტიკებს. ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ალიანსშიც "ლელოს" კოალიციაც შედის, ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის გადაწვის ფაქტი, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ დაგმო. თუმცა ღიად არ გამიჯვნია. მეტიც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გაერთიანებამ სოციალურ ქსელ იქსზე, საქართველოს ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. "ოცნებაში" BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმსა და ALDE-ს განცხადების მიღმა საერთო კვალს ხედავენ.
განმარტავენ, რომ იმ ფონზე როდესაც გამოძიებამ BBC-ის ჰიპოთეზა სრულად გაანულა, მსგავსი ორაზროვანი ტექსტები ALDE-ში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ გაავრცელა. ALDE ტერორიზმის მუხლით დაკავებული ელისაშვილის ქმედებას მხოლოდ ორი სიტყვით ეხმაურება - "არ ვამართლებთ".
იმის მიუხედავად, რომ ალეკო ელისაშვილი დანაშაულის ადგილზე დააკავეს და მოქმედების მიზანს არც თავად უარყოფს, "ლელო ძლიერი საქართველოს" კოალიციაში მმართველ გუნდს კვლავ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ელისაშვილი მათ თანამებრძოლად რჩება, ALDE-ს პოზიცია კი რელევანტურია. "ლელოსგან" განსხვავებულია მათი საარჩევნო პარტნიორის გახარიას გუნდის პოზიცია.
ელისაშვილის ქმედებაზე, ორკვირიან დუმილს და შემდგომ ორაზროვან გაცხადებას, ALDE-ს მხრიდან ტერორიზმის იდეურ მხარდაჭერად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების აზრით, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ BBC-ის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, დაადასტურა რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. დიფ სთეითი რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად იბრძვის.
"ლელოს" კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გადაწვისა და მანდატურებზე თავდასხმის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელისაშვილს 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.